COVID19
ჩანთები, ორენოვანი წარწერით, ინფორმაციის გასავრცელებლად
კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და არაქართულენოვანი მოსახლეობისთვის ინფორმაციის მიწოდების მიზნით, საზოგადოებრივი ორგანიზაციების ინიციატივით ჩანთები დაიბეჭდა, რომელიც უმცირესობებით დასახლებულ პუნქტებში არსებულ მაღაზიებს უფასოდ გადაეცემათ.

,,მოსახლეობა მაღაზიაში, როცა რამეს იყიდის, გამყიდველი ნაყიდ პროდუქტს ამ ჩანთებით გაატანს, შესაბამისად, ოჯახიდან ერთი წევრი მაინც გაეცნობა კორონავირუსთან დაკავშირებულ ინფორმაციას, ყველა თუ არა. ამიტომ, ვფიქრობთ, რომ ეს იქნებოდა ერთ-ერთი ყველაზე მარტივი ხერხი ინფორმაციის გასავრცელებლად" - განმარტავენ დემოკრატ მესხთა კავშირში.

ჩანთებზე, ქართულ და სომხურ ენებზე დატანილია მოკლე ინფორმაცია COVID19-ის შესახებ, ასევე ცხელი ხაზის ნომრები, თუ ვის უნდა დაუკავშირდნენ საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში.

ჩანთები დაიბეჭდა პროექტ "სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის" ფარგლებში, იგი ხორციელდება კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მიერ, სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტთან (CSI), კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრთან (CTC), საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრთან (CSRDG) და განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრთან (EDEC) თანამშრომლობით. პროექტს აფინანსებს ევროკავშირი, ხოლო თანადამფინანსებელია კონრად ადენაუერის ფონდი.

პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის ჰაბ ორგანიზაციად შერჩეულია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,დემოკრატ მესხთა კავშირი", რომელიც უზრუნველყოფს აღნიშნული ჩანთების გავრცელებას, ნინოწმინიდის, ახალქალაქის და ახალციხის მუნიციპალიტეტებში - განსაკუთრებით ისეთ სამიზნე ლოკაციებში, სადაც დეზინფორმაციის გავრცელების ალბათობა მაღალია, მათ შორისაა საზღვრისპირა და რაიონულ ცენტრებს მოშორებული სოფლების მაცხოვრებლები, დევნილთა კოლექტიურ ჩასახლებებში მცხოვრები მოსახლეობა.
დღეს 16 აპრილს, ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს გადაეცა 1500 ცალი ჩანთა. სასურსათო მაღაზიებისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება მოხალისეების მიერ 21-22 აპრილს.

კამპანიის სამოქმედო არეალი მოიცავს წინასწარ შერჩეულ 647 ლოკაციას (ქალაქში, სოფელში, რაიონულ ცენტრსა და ჩასახლებაში) საქართველოს 10 რეგიონში, სადაც გავრცელდება 22,500 ცალი სურსათის ჩანთა, რომელზეც განთავსებულია ინფორმაცია COVID19-ის პრევენციული ღონისძიებების და საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრის-112, ჯანდაცვის სამინისტროს, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის და მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზის შესახებ ( სომხურ ენაზეც)
მოსახლეობისთვის ჩანთების გადაცემა მოხდება უსასყიდლოდ, სოფლის თემებში მოქმედი სასურსათო მარკეტების მეშვეობით.
| Print |