COVID19
საქართველოში ავტომობილით გადაადგილება სრულად აიკრძალა
ხვალ, 17 აპრილს დღის 12:00 საათიდან 21 აპრილის ჩათვლით ქვეყანაში სრულად იკრძალება მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რამდენიმე წუთის წინ გაკეთდა.

"შეზღუდვა არ ვრცელდება ტვირთების გადაზიდვაზე და დისტრიბუციის მანქანებზე. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ სასურსათო მაღაზიები, აფთიაქები და ყველა სხვა ობიექტი, რომელიც აქამდე მუშაობდა, ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას და ასევე, მუშაობას აგრძელებს ე.წ. დელივერების სერვისები“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა.

მისივე ინფორმაციით, დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის ფარგლებში მოქმედმა კომპანიებმა, თანამშრომელთა ტრანსპორტირების უზუნველსაყოფად შესაბამისი ნებართვების მიღების მიზნით, უნდა მიმართონ დარგობრივ სამინისტროებს. ასევე, მათ შეუძლიათ, ისარგებლონ მთავრობის ცხელი ხაზით და დარეკონ 144-ზე.

ამასთან, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები მომდევნო 2-3 კვირის განმავლობაში, ინფიცირების შემთხვევის მნიშვნელოვან ზრდას ელოდებიან.

„ქვეყანაში დაწყებულია აქტიური შიდა გავრცელების ეტაპი. მთავრობამ დროულად მიიღო ზომები, რათა შეემცირებინა კოვიდ19-ის გავრცელება“, - განაცხადა ჩიქოვანმა.
| Print |