COVID19
შესაძლოა, დიდი თავყრილობისას ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს - ამირან გამყრელიძე
კორონა ასევე ერთ რამეს შეცვლის - შესაძლოა, დიდი თავყრილობების დროს ნიღბის ტარება კარგა ხანს დაგვჭირდეს და ამას უნდა შევეჩვიოთ. ახლა მას „სოციალური ნიღაბი“ დაერქვა, -ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ფეისბუკის პირდაპირ ეთერში განაცხადა. მისი თქმით, აუცილებელი არ არის, რომ ეს აუცილებლად სამედიცინო ნიღაბი იყოს.

„ შეგიძლიათ სახლშიც შეკეროთ ასეთი ნიღაბი, თუ არადა არის მარლის ბევრი ნიღაბი. როცა ახალგაზრდა ვიყავი, არ იყო სამფენიანი და ოთხფენიანი ნიღაბი, რომელზეც ახლა ერთი ამბავია, მშვენივრად ვიყენებდით საოპერაციოებში და სამედიცინო დაწესებულებებში ასეთ ნიღბებს.

მადლობა მინდა გითხრათ ყველას, იმ 100 ათას ადამიანს, ვინც ქვეყანაში შარშან და წელს გრიპის საწინააღმდეგოდ აიცრა. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი იყო. 100 ათასი ადამიანი სახელმწიფომ აცრა და 30 ათასი კერძო სექტორმა. ბოლო 5 წელიწადია, ქვეყანაში უზარმაზარი კულტურა ინერგება“,
-განაცხადა გამყრელიძემ. 

მისი თქმით, საქართველო გრიპის საწინააღმდეგო აცრისთვის 135 ათას დოზას შეისყიდის. კონტრაქტი დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა დღეს გააფორმა. 

„პირველი რჩევაა, მაქსიმალურად დავიცვათ თავი და გრიპის საწინააღმდეგოდ დროულად ავიცრათ. ჩვენ წელს 135 ათას დოზას შევისყიდით. დღეს სამინისტროში ასევე დავაყენე საკითხი, რომ დამატებით გამოიყოს თანხები, რათა ათეული და მეტი დოზა შევისყიდოთ. წელს იმ 100 ათასმა აცრამ ნამდვილად იმუშავა, რომ ჩვენ გრიპის სეზონი მშვიდად გადავიტანეთ და არ გვქონდა ორი ინფექციის ზედდება მარტში ან აპრილში“, - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |