COVID19
ეპიდემია უნდა გავაჩეროთ ან დავწიოთ ქვემოთ, მთლიანად ვერ გავაქრობთ = თენგიზ ცერცვაძე

 

„ჩვენ უნდა მივაღწიოთ იმას, რომ ეპიდემია ამ დონეზე გავაჩეროთ ან დავწიოთ ქვემოთ, მთლიანად ვერ გავაქრობთ, - ასეთი პროგნოზი აქვს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელ პოსტპანდემიურ პერიოდზე.

მისივე განმარტებით, ამის საფუძველია ის, რომ კორონავირუსი ჯერ არ აპირებს სადმე წასვლას, რასაც სპეციალისტების შეფასებებიც მოწმობს.

„ჩვენ ვალდებულნი ვიქნებით, ეს ტალღა შევარბილოთ და შემდეგ ვისწავლოთ თანაცხოვრება კოვიდთან. კოჰაბიტაცია ვირუსთან - ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვიცხოვრებთ ჩვეულებრივ, ვიმუშავებთ, ვივლით ბარებსა და რესტორნებში, მაგრამ კარგა ხანს შევინარჩუნებთ სიფრთხილეს, როგორიც არის ნიღბები, სოციალური დისტანცია.

შეგუებული ვიქნებით იმას, რომ ჩვენს გვერდით გახდებიან ადამიანები კოვიდით ავად და თითოეული ეს შემთხვევა არ გახდება სამსახურის კარანტინში გადაყვანის მიზეზი და ის განაგრძობს მუშაობას“,
- აღნიშნა თენგიზ ცერცვაძემ.

მან ტუბერკულოზთან გაავლო პარალელი.

„გადამდებლობა მისი უფრო მეტია ვიდრე კოვიდის, რადგან ჰაეროვანი ინფექციაა. ჩვენ ყველა ვცხოვრობთ ტუბერკულოზით ავადმყოფების გვერდით და ეს არ იწვევს სამყაროს პარალიზებას, ეს მოდელი უნდა გადავიტანოთ კოვიდზეც“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ „ფორმულას“ ეთერში.

საქართველოში კორონავირუსი 456 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 139 უკვე გამოჯანმრთელდა. 5 კი გარდაიცვალა. საქართველოს კიდევ 3 მოქალაქეს კორონავირუსი სხვა ქვეყნებში დაუდასტურდა და ისინი საქართველოში აგრძელებენ მკურნალობას.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი - საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

 

| Print |