COVID19
კორონავირუსის ეპიდემიის თვალსაზრისით, განსაკუთრებული ზრდაა ჩვენს მეზობელ ოთხ ქვეყანაში - ამირან გამყრელიძე
ეპიდემიის თვალსაზრისით განსაკუთრებული ზრდა აღინიშნება ჩვენს მეზობელ ოთხ ქვეყანაში, ეს არის ძალიან საყურადღებო, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცეტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში მეორე ადგილზე გადაინაცვლა მეზობელმა რუსეთმა.

„მთელ რიგ ქვეყნებში ზრდა არის. განსაკუთრებით, ეს ზრდა აღინიშნება ჩვენს მეზობელ ქვეყნებში, ეს არის ძალიან საყურადღებო. ოთხივე იმ ქვეყანაში, რომელთანაც ჩვენ გავქვს პირდაპირი საზღვარი, არის ეპიდემიის სერიოზული ზრდა, მათ შორის ეს ხდება ჩრდილოეთ მეზობელ ქვეყანაში რუსეთში, რომელმაც ამერიკის შეერთებული შტატების შემდეგ გავრცელების ციფრებით გადაინაცვლა მეორე ადგილზე“,- განაცხადა გამყრელიძემ.

მსოფლიოში ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 მილიონ 220 ათასს გადააჭარბა, გარდაცვლილია 335 218 ადამიანი და გამოჯანმრთელდა 2 მილიონ 102 ათას 280. 

რაც შეეხება საქართველოს მეზობელ ქვეყნებს, ინფიცირებულთა რაოდენობის მიხედვით მეორე ადგილზეა რუსეთი, სადაც ბოლო 24 საათში 8 849 ადამიანი დაავადდა და 127 გარდაიცვალა. სულ დაინფიცირდა - 326 448, გარდაიცვალა 3 249 მოქალაქე.

მსოფლიოს მასშტაბით მეცხრე ადგილზეა თურქეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში რუსეთთან შედარებით თითქმის ნახევარია და 153 548-ს შეადგენს, გარდაიცვალა 4 249 ადამიანი.


63 -ე ადგილს იკავებს სომხეთი, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობამ 5 928 შეადგინა და გარდაიცვალა 74 მოქალაქე.

68-ე ადგილს იკავებს აზერბაიჯანი, 22 მაისის მონაცემებით, 3749 ადამიანი დაავადდა კორონავირუსით და 44 გარდაიცვალა.

ამ სიაში 215 ქვეყნიდან საქართველო 119-ე ადგილზეა 723 ინფიცირებულით და 12 გარდაცვლილი მოქალაქით.


| Print |