ხველება და დიარეა - რას ეძებენ ინტერნეტსაძიებო სისტემებში ბოლო დროს
მსოფლიო კორონავირუსის პანდემიას 11 მარტიდან ებრძვის და ამ დრომდე ვირუსთან დაკავშირებული ძალიან მცირე რაოდენობის კითხვებზე აქვთ ოფიციალურ პირებს ზუსტი პასუხები.
სხვადასხვა მოსაზრებები არსებობს ვირუსის წარმოქმნის შესახებ. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ ის ბუნებრივად გაჩნდა, თუმცა არიან მკვლევარები, რომლებიც ამბობენ, რომ COVID-19 ხელოვნურად შექმნეს უხანის ლაბორატორიაში. ჯერჯერობით ვირუსის საწინააღმდეგოდ არ არსებობს არც ვაქცინა და არც მედიკამენტი.
არც ის არის ცნობილი, ზუსტად როდის წარმოიქმნა ახალი ტიპის კორონავირუსი. ჩინეთისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებს თუ დავეყრდნობით, 2019 წლის მიწურულს უხანში გაჩნდა პნევმონია, უცნობი მიზეზით. ხოლო ის, რომ საქმე ახალი ტიპის კორონავირუსს ეხებოდა, 2020 წლის იანვარში დადასტურდა.
ჰარვარდში ჩატარებულმა კვლევამ კი COVID-19-ის გავრცელების დაწყებასთან დაკავშირებით სკანდალური შედეგი აჩვენა. კვლევის მიხედვით, შესაძლოა, უხანში ვირუსმა გაცილებით ადრე, 2019 წლის აგვისტოში იფეთქა.
მკვლევართა თქმით, თანამგზავრით გადაღებული ფოტოები აჩვენებს, რომ ჩინეთის ქალაქ უხანის ხუთ საავადმყოფოსთან 2019 წლის აგვისტოს მიწურულიდან მნიშვნელოვნად გაიზარდა ავტომობილების რაოდენობა. ყოველივეს თან ერთვოდა ინტერნეტსაძიებო სისტემებში ისეთი სიტყვების ძიების გაზრდა, როგორებიცაა "ხველება“ და "დიარეა“ (კორონავირუსის სიმპტომები).
წყარო: ambebi.ge