COVID19
საქართველოში კორონავირუსით მე-16 პაციენტი გარდაიცვალა
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-16 პაციენტი გარდაიცვალა.

ის 72 წლის მამაკაცია. პაციენტი ინგოროყვას კლინიკიდან მცხეთის კლინიკაში გადაიყვანეს. მას თირკმლის უკმარისობა ჰქონდა.

მამაკაცი 16 ივლისს კოვიდის დადასტურებული დიაგნოზით გადაიყვანეს თბილისიდან, მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრიდან, სადაც მანამდე მკურნალობდა.

ექიმების განცხადებით, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის გარდა, პაციენტს სხვა მძიმე ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებოდა, იმყოფებოდა ჰემოდიალიზზე.

გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურდა კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა. ეს 15 ივნისის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ინფიცირებულთა საერთო რიცხვი 1039-მდე გაიზარდა.

კორონავირუსისგან განიკურნა კიდევ 1 პაციენტი. სულ გამოჯანმრთელებულია 900.
დღემდე უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 მოქალაქე. უმრავლესობა ავღანეთში ნატოს მისიის მონაწილე ქართველი სამხედროა.

20 ივლისის დილის მონაცემებით, კარანტინის რეჟიმშია 5687 ადამიანი და სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 232.
| Print |