COVID19
100-მდე შემთხვევა ბოლო 10 დღეში - საქართველოში COVID-19-ის სტატისტიკა იზრდება
საქართვლოში ბოლო 10 დღეში ვირუსის 100 - მდე შემთხვევა დაფიქსირდა აქედან 12-ის ინფიცირების წყარო უცნობია, ერთი პაციენტი გარდაიცვალა. სპეციალისტები მოსახლეობას სიფრთხილისა და სიფხიზლისკენ მოუწოდებენ.

გარდაბნის შემდეგ საქართველოში ინფიცირების კერა შესაძლოა ქუთაისი გახდეს. 61 წლის ქალს, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა და რომლის ინფიცირების წყარო დაუდგენელია, კავშირი მეზობლებთან და ბაზრობაზე დასაქმებულ ადამიანებთანაც ჰქონდა. ინფიცირებულთან პირდაპირ და ირიბ კავშირში მყოფი 25 პირი უკვე მოძიებულია, აქედან 7 ოჯახის წევრია.

კიდევ ერთი ინფიცირების გავრცელების წყარო, შესაძლებელია ბათუმის "რედისონი" გახდეს. ეს დამოკიდებულია იმაზე თუ რამდენ ადამიანთან ჰქონდათ ყაზახეთიდან საქართველოში ჩამოსულ სტუმრებს კონტაქტი. მოგზაურები საქართველოში გასულ კვირას ჩამოვიდნენ. აეროპორტიდან პირდაპირ სასტუმროში მივიდნენ, რედისონის ხელმძღვანელობის ინფორმაციით კორონავირუსზე ტესტირება უკვე ჩატარებული ქონდათ. იზოლაციაშია სასტუმროს მეათე სართული, ოთხი თანამშრომელი კი კარანტინშია გადაყვანილი.

საქართველოში დადასტურებული შემთხვევების ზრდა, გასაკვირი არ არის ინფექციონისტებისთვის. მით უმეტეს, რომ ქვეყანაში რუსეთიდან, აზერბაიჯანიდან, სომხეთიდან სატვირთო ავტომანქანების მძღოლებს უწევთ შემოსვლა.

ორთვიანი სტაბილური ეპიდსიტუაციის შემდეგ სპეციალისტები ამბობენ, რომ კორონავირუსის ახალი შემთხვევები პანიკის საფუძველს არ ქმნის, თუმცა საყურადღებოა, რადგან შემოდგომისთვის კიდევ უფრო მეტად უნდა იყოს ქვეყანა მზად.
| Print |