COVID19
კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 165 ახალი შემთხვევიდან 109 აჭარაში დაფიქსირდა.

როგორც მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, 165 შემთხვევიდან 4 იმპორტირებულია.

„დაგვემატა 165 შემთხვევა და ინფიცირებულების რაოდენობა 2 392-ს შეადგენს. 165-ს შორის დადასტურებული შემთხვევის კონტაქტი არის 81, იმპორტირებული 4.

აჭარა, ბათუმი - 109, გურია, ოზურგეთი - 4, თბილისი - 17, იმერეთი, ქუთაისი - 4, კახეთი, გურჯაანი - 6, მცხეთა-მთიანეთი, მცხეთა - 1, სამეგრელო და ზემო სვანეთი, ზუგდიდი - 9, ქვემო ქართლი, გარდაბანი - 9, შიდა ქართლი, გორი - 6 შემთხვევა.

ყველაზე ბევრი 109 შემთხვევა არის აჭარაში, რომელიც საყურადღებოა და ძალიან დიდი სამუშაოები მიმდინარეობს“,
- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განმარტებით, გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში მოქალაქეთა დაინფიცირების მიზეზი 5 სექტემბერს, გორში ჩატარებული 100-კაციანი ქორწილი გახდა.

ეზუგბაიამ კიდევ ერთხელ მოუწოდა მოსახლეობას რეკომენდაციების დაცვისკენ.

„მოსახლეობას და მოქალაქეებს კვლავ მოვუწოდებთ, რომ თავი შეიკაონ ფართომასშტაბიანი ღონისძიებების ჩატარებისგან და არსებულ შეზღუდვებს და რეგულაციებს დაემორჩილონ, თორემ მრავალი ასეთი შედეგი დადგება, რომელიც კიდევ უფრო ცუდად წაადგება არსებულ სიტუაციას“, - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
| Print |