COVID19
რესტორანი, სადაც კოვიდინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა დააჯარიმეს
რესტორანი, სადაც კოვიდინფიცირებულმა დედის ქელეხი გადაიხადა 2000 ლარით დააჯარიმეს. ობიექტის დირექტორი "მეცხრე არხთან აცხადებს, რომ ჯარიმა უსაფუძვლოა, რადგან მას მხოლოდ 10 კაციანი შეკვეთა ჰქონდა. აქედან რესტორანში მხოლოდ 6 კაცი მივიდა. 

10 კაცზე დამირეკეს, დამიჯავშნეს და 6 კაცი მოვიდა. შემდეგ თბილისში გადავიდა და იქ იქეიფესო ჩემთან არა" - აცხადებს რესტორნის დირექტორი. 

მისივე თქმით, კოვიდინფიცირებული მამაკაცი და მისი სტუმრები რესტორანში დიდხანს არ გაჩერებულან, შეკვეთილი კერძები ჩაულაგეს და მალევე წავიდნენ. 

"კონტაქი არავისთან ჰქონია. ნახევარ საათზე მეტიც არ იყო. მიმტანებიც პირბადით იყვნენ. შემდეგ სტუმრებს გაჰყვა. ზუსტად არ ვიცი იმ ღამესვე წავიდა თუ მეორე დილით. პურ-მარილი, რაც დარჩა ვუთხარი წაუღეთ და გადასახდელი თანხა სხვამ გადამიხადა".

რესტორნის დირექტორი 18 სექტემბერს გვიან ღამით დააჯარიმეს. მისი თქმით, ფაქტის გასაჩივრებას აპირებს, რადგან მას კანონი არ დაურღვევია. 

"მე გუშინ ღამის 12:00 საათზე დამაჯარიმეს. გასაჩივრების თაობაზე, პოლიციამ მითხრა ჯერ ჩვენთან მოდი, დავამტკიცებთ და მერე გაასაჩივრეო. დავამტკიცებ, რომ 250 კაცი არ მყავდა. ბოდიშს მომიხდიან და გააუქმებენ ჯარიმას. კამერა გაფუჭებული იყო და ეგ ვერ დააფიქსირა“, - ამბობს რესტორნის დირექტორი.

ამ დროისთვის, რესტორანი დახურული არ არის და მუშაობას ჩვეულებრივ რეჟიმში აგრძელებს. დირექტორის ინფორმაციით, თანამშრომლები არ გამოუკვლევიათ და არც საკარანტინე სივრცეში გადაუყვანიათ.  

| Print |