COVID19
სომხეთიდან წამოსვლამდე ტესტირება გარდაცვლილ დედასაც გაუკეთეს - როგორ გადმოასვენეს ცხედარი ახალციხეში
კორონავირუსით ინფიცირებულმა მამაკაცმა საქართველოში დედის ცხედარი სატვირთო ავტომობილით გადმოასვენა - ამის შესახებ ის პირები საუბრობენ, რომლებიც ქალის დაკრძალვაზე იმყოფებოდნენ. ერთ-ერთია „სამცხე-ჯავახეთის მედია ანალიტიკური ცენტრის“ დირექტორი ედუარდ აივაზიანი, რომელიც გვიყვება, რომ ინფიცირებულ მამაკაცს და მისი ოჯახის წევრებს COVID19-ზე ტესტი ერევანში აუღეს, თუმცა ვირუსი არც ერთს აღმოაჩნდა. მამაკაცმა ახალციხეში ორი დღე დაჰყო, დაკრძალვის შემდეგ კი თბილისში წავიდა.


ედუარდ აივაზიანი ახლა კარანტინში იმყოფება. 

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსის თქმით, ახალციხეში კოვიდინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი 54 პირია გამოკვლეული. აქედან 33 კარანტინში, 21 კი თვითიზოლაციაში იმყოფება.

როგორ გადმოასვენა დედის ცხედარი სატვირთო ავტომობილით ინფიცირებულმა, ჰქონდა თუ არა ქალს გარდაცვალების ცნობა, მამაკაცს კი კორონავირუსზე ტესტირების პასუხი - ამის გარკვევას შემოსავლების სამსახურში ვცდილობთ. უწყებაში დეტალების გარკვევას დაგვპირდნენ, მას შემდეგ კი ჩვენს სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ამბობს, რომ არ იცის, საიდან შემოვიდა ინფიცირებული მამაკაცი, გიორგი მიქელაძის ინფორმაციით, ეს საკითხი მოკვლევაშია.
| Print |