COVID19
ქალის გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 არ არის დასახელებული - შემოსავლების სამსახური
„საბაჟო გამშვებ პუნქტზე - "ნინოწმინდა" სომხეთის რესპუბლიკიდან შემოვიდა მცირე ზომის ტვირთის გადამტანი ავტომობილი, რომელსაც საქართველოს მოქალაქე ს.ა. მართავდა. მოქალაქემ, ზემოაღნიშნული მანქანით, ქ. ერევანში გარდაცვლილი დედის ცხედარი (საქართველოს მოქალაქე ე.ა.) გადმოასვენა“, - წერია ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მიერ, „მეცხრე არხისთვის“ გამოგზავნილ ინფორმაციაში. უწყების ცნობით, მამაკაცს, რომელსაც სომხეთში დაბრუნებისას კორონავირუსი დაუდასტურდა, საქართველოში 13 სექტემბერს შემოვიდა. საბაჟო კონტროლის პროცედურების გავლისას მან წარმოადგინა სომხეთის იუსტიციის სამინისტროს, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის ცენტრის მიერ გაცემული გარდაცვალების მოწმობა, სადაც სიკვდილის ოფიციალურ მიზეზად რამდენიმე სამედიცინო დიაგნოზია დასახელებული.

„გვინდა ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ მოქალაქე ს.ა.-ს მიერ წარმოდგენილ გარდაცვალების სამედიცინო მოწმობაში გარდაცვალების მიზეზად კოვიდ-19 არ არის დასახელებული
“, - წერია ინფორმაციაში.

უწყების ინფორმაციით, საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას, საბაჟო დეპარტამენტის ექიმი-ეპიდემიოლოგების მიერ, ს.ა.-ს ანტიგენსა და ანტისხეულზე მიზნობრივი ტესტირება ჩაუტარდა. იმის გამო, რომ პასუხი უარყოფითი იყო, მოქალაქეს დადგენილი წესის დაცვით, საქართველოს ტერიტორიაზე გადაადგილების შესაძლებლობა მიეცა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, ავტოსატრანსპორტო საშუალება და თუთიის სასახლე დამუშავდა სპეციალური სადეზინფექციო საშუალებებით”.

თუ საზღვრის კვეთისას, სატვირთო ავტომობილის მძღოლის ტესტირების შედეგად არ გამოვლინდა ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევა, იგი ექვემდებარება ყოველ 72 საათში ერთხელ განმეორებით ტესტირებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მძღოლი ბოლო ტესტირებიდან 72 საათის ვადაში დატოვებს საქართველოს ტერიტორიას.

„საჯარო ინტერესის გათვალისწინებით, შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ მოქალაქე ს.ა.-ს მიერ 16 სექტემბერს, კვლავ ფიქსირდება საზღვრის კვეთა, საბაჟო გამშვებ პუნქტ ,,სადახლო საავტომობილოს“ გავლით. შესაბამისად, მან დატოვა საქართველოს ტერიტორია“.

შემოსავლების სამსახურში ამბობენ, რომ მოქალაქის მიერ, ქვეყანაში გადაადგილების სავალდებულო პროცედურები, სრულად იყო დაცული.

როგორ გადმოასვენა მამაკაცმა დედის ცხედარი და ჰქონდა თუ არა ყველა საჭირო დოკუმენტაცია - ამ კითხვით ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გუშინ, 21 სექტემბერს მივმართეთ. უწყებამ პასუხი დღეს დაგვიბრუნა. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, როცა ცხედრის გადმოსვენების შესახებ საზოგადოებაში კითხვები გაჩნდა.
| Print |