COVID19
მინდა გავიარო ტესტირება, რადგან საეჭვო პირთან ვიყავი დაკავშირებული - უდეს მაცხოვრებელი
ადიგენის სოფელ უდეში ინფიცირებული მედდის მეზობლების ნაწილმა კლინიკაში თავად დარეკა და ტესტირება მოითხოვა.

ამ დრომდე იკვლევენ როგორც მედდის დაინფიცირების წყაროს, ასევე მის კონტაქტებს.

სამედიცინო პერსონალი ორ კვირაში ერთხელ იტესტება, სწორედ გეგმიური ანალიზის დროს დაუფიქსირდა უდის მკვიდრს კოვიდ19. სოფელში ეს პირველი შემთხვევაა.

უდეში განმარტავენ, რომ ჯანდაცვის წარმომადგენლები უკვე იმყოფებოდნენ სოფელში. მათ მოსახლეობას ისიც განუმარტეს, რომ დაინფიცირებული მედდის შემთხვევაში კოვიდ19 უსიმპტომოდ მიმდინარეობს.

სამცხე-ჯავახეთის მხარის ადმინისტრაციაში, აცხადებენ, რომ ადიგენში, უდეში მცხოვრებ ინფიცირებულ ექთანთან კავშირში 25–მდე კონტაქტია მოკვლეული.

მათ ტესტირება უკვე ჩაუტარდათ. ყველა მათგანის პასუხი ხვალ გახდება ცნობილი. კორონავირუსი, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეს მაცხოვრებელს 22 სექტემბერს დაუდასტურდა.


23 სექტემბრის მდგომარეობით, ადიგენში ოთხი პირია ინფიცირებული, სამი სოფელ ჭეჭლადან, ერთი კი უდედან.
| Print |