COVID19
COVID 19-ის განმეორებითი ტესტის პასუხების ნაწილი ცნობილია
ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში მყოფ პირებს, ვისაც კორონავირუსზე განმეორებითი ტესტები აუღეს, ყველა პასუხი უარყოფითია – ამის შესახებ ინფორმაცია „მეცხრე არხს“ ეპიდემიოლოგმა ქეთინო ჯინჭველაძემ დაუდასტურა. მათმა ნაწილმა ბაკურიანის სასტუმრო უკვე დატოვა.

„რაც შეეხება ახალციხის საკარანტინე სივრცეს და თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, ტესტების პასუხებს დღეს საღამოს ან ხვალ დილით ველოდებით. საბედნიეროდ ბაკურიანის საკარანტინე სივრცეებში მყოფებს, ყველას უარყოფითი პასუხი აღმოაჩნდა“
- განაცხადა ეპიდეიოლოგმა.

კორონავირუსით ინფიცირებულ მამაკაცთან კონტაქტის გამო, ბაკურიანის საკარანტინე სივრცეში გადაიყვანეს "ნაციონალური მოძრაობის" ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი და ამავე პარტიის წევრი გელა დემეტრაძეც. დავით ბალიაშვილის თქმით, ახალციხელი მოქალაქეების ნაწილმა ბაკურიანი დღეს დილით დატოვა.

„საკარანტინე სივრციდან, დაახლოებით 15-მდე პირი გამოვედით, ხოლო დანარჩენი 15-მდე პირი, მათ შორის ჩვენივე პარტიის წევრი, ვისაც 14 სექტემბერს ჰქონდა ინფიცირებულ პირთან შეხება, ჩვენზე ერთი დღით გვიან გამოვლენ“ - ამბობს „ნაციონალური მოძრაობის“ ახალციხის ორგანიზაციის თავმჯდომარე დავით ბალიაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ადგილობრივების საკარანტინე სივრცეებში გადაყვანის მიზეზი სომხეთიდან შემოსული პირი გახდა, რომელიც ახალციხეში დედის დასაკრძალად ჩამოვიდა. 18 სექტემბერს მას სომხეთში კორონავირუსი დაუდგინდა.

| Print |