COVID19
ინფიცირებული ექიმები და პედაგოგები - კოვიდვითარება სამცხე-ჯავახეთში
სამცხე-ჯავახეთში COVID19-ის შემთხვევათა რაოდენობა 100-მდე გაიზარდა. ბოლო 24 საათში, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში გამოვლენილი ახალი ინფიცირებულები ოთხ მუნიციპალიტეტს უკავშირდება. სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, ოთხი შემთხვევა ახალციხის მუნიციპალიტეტში, თითო-თითო კი ადიგენის, ნინოწმინდის და ასპინძის მუნიციპალიტეტში დაფიქსირდა. შვიდი ინფიცირებულიდან ოთხი სამედიცინო პერსონალია, ორი პედაგოგი, ერთი კი ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირი.

მასწავლებლების ინფიცირების გამო, რეგიონში ოთხი სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ონლაინ გაკვეთილები ჩატარდება ახალციხის მეოთხე, ვალეს მეორე, ახალქალაქის მეხუთე და ნინოწმინდის პირველ საჯარო სკოლებში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სოფელ აბასთუმნის საჯარო სკოლის კოვიდდადებითი მასწავლებლის კონტაქტების მოძიება. ამის შემდეგ გადაწყდება, გადავა თუ არა სასწავლო დაწესებულება დისტანციურ სწავლებაზე.

100 პირიდან 30 უკვე გამოჯანმრთელდა, დაახლოებით, ამდენივე მკურნალობას სახლში აგრძელებს, დანარჩენი პაციენტები კი კოვიდკლინიკებში გადაიყვანეს.

ამ დროისთვის, რეგიონში თვითიზოლაციაში 413 პიროვნება იმყოფება. აქედან 88 ახალქალაქში, 21 ადიგენში, 210 ახალციხეში, 21 ბორჯომში, 36 ასპინძასა და 14 ნინოწმინდაში.

რაც შეეხება კარანტინს - იზოლირებულ სივრცეებში რეგიონში 582 პირია მოთავსებული. აქედან 17 ახალციხეში, 565 კი ბაკურიანში.


| Print |