საქართველოში კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდებობა ისევ გაიზარდა. COVID 19-ით 14 პაციენტი გარდაიცვალა და ქვეყანაში ვირუსის დაფიქსირებიდან დღემდე მათი რაოდენობა 172 გახდა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, ბოლო 24 საათში გარდაცვლილი 14 პირიდან ერთი 30 წლამდე ასაკისაა.
ამის შესახებ გამყრელიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, გარდაცვალების შემთხვევები დაფიქსირდა როგორც დედაქალაქში, ასევე იმერეთსა და აჭარაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელს არ დაუკონკრეტებია, სად გარდაიცვალა 30 წლამდე ინფიცირებული, თუმცა აღნიშნა, რომ ის კლინიკაში მკურნალობდა.
"სამწუხაროდ, გვაქვს გარდაცვალების შემთხვევები თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში. 14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის. მხოლოდ და მხოლოდ სტატისტიკური კუთხით ვიძლევით ინფორმაციას. დანარჩენი ჩვენს საინფორმაციო ბიულეტენში შეგიძლიათ იხილოთ, რომელიც ორ თვეში ერთხელ გამოიცემა“, - განაცხადა გამყრელიძემ.
ბოლო დღე ღამის განმავლობაში ქვეყანაში კორონავირუსისგან 337 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რაოდენობა 9 003 გახდა.
21 ოქტომბრის მდგომარეობით, საქართველოში COVID 19-ით ინფიცირების - 1 351 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.