COVID19
კორონავირუსით გარდაცვლილი 30 წლის ქალი ჯავახეთიდან იყო
დღეს, 21 ოქტომბერს კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, გარდაცვლილი პირებიდან ყველაზე ახალგაზრდა 30 წლისაა.

"მეცხრე არხის" ინფორმაციით, გარდაცვლილი ქალია და იგი ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ დილიფიდან იყო.

"სუნთქვის გაძნელება ჰქონდა 17 ოქტომბერს რომ მოვიდა ქალი. ცხელებით გავუშვით თბილისში, სხვა სიმპტომები არ ჰქონია" - ამბობს ნინოწმინდის კლინიკის მთავარი მენეჯერი ნატო ირემაძე.

ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ცხელების ცენტრში, 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და ცხელება აღენიშნებოდა, ასევე ჰქონდა ჭარბი წონა და თანმხლები დაავადებები. ცხელების ცენტრში პაციენტი კორონავირუსზე ტესტის ჩასატარებლად გადაიყვანეს, თუმცა იგი მანამდე გარდაიცვალა, სანამ ტესტის პასუხი მოვიდოდა.

ახალგაზრდა ქალი 19 ოქტომბერს გარდაიცვალა, თუმცა კორონავირუსით გარდაცვლილად დღეს ჩაითვალა, რადგან ტესტის პასუხი ბოლო 24 საათში გახდა ცნობილი.

ამირან გამყრელიძემ ბრიფინგზე არ დაკონკრეტა სად გარდაიცვალა ქალი და აღნიშნა, რომ ეს ეთერში გასარჩევი არ არის.

"14 გარდაცვლილიდან ძირითადად ხანდაზმულები არიან, თუმცა, ერთი არის 30 წლამდე პირი. კონკრეტულად სად გარდაიცვალა, რა მიზეზით ეს კლინიცისტების მიერ ირჩევა და ღია ეთერში გასარჩევი საკითხი არ არის" - განაცხადა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.

ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით გარდაცვალების ორი ფაქტია რეგისტრირებული. რეგიონში პირველი შემთხვევა ვალეში დაფიქსირდა.

| Print |