COVID19
წაღვერის ბაღში კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ წაღვერის საბავშვო ბაღში კორონავირუსით ბავშვი დაინფიცირდა. ამის გამო, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაიხურა, მოსწავლეები და აღმზრდელები თვითიზოლაციაში გადავიდნენ.

როგორც ცნობილია, ვირუსი თავდაპირველად დედას დაუდასტურდა. ამის გამო, ტესტირება ჩაუტარდა მისი ოჯახის წევრებს. ორიდან ერთ შვილს კორონავირუსი დაუფიქსირდა.

„17 ოქტომბერს დაუდასტურდა დედას. ბაღში ორი ბავშვი დადის ამ ოჯახიდან. ერთ-ერთს გუშინ დაუდასტურდა, მეორეს არა. პარასკევის შემდეგ ბაღში არ უვლიათ. როგორც ვიცი, ბავშვს ცხვირიდან სისველე მოსდის, სხვა სიმპტომი არ აქვს. პრევენციის მიზნით დავკეტეთ ბაღი, იზოლაციაში გადავიდნენ აღმზრდელები, რომლებსაც შეხება ჰქონდათ ბავშვთან“, - გვითხრა ბორჯომის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა გაერთიანების ხელმძღვანელმა ნინო ბენდელიანმა.

წაღვერის საბავშვო ბაღში სულ 55 აღსაზრდელი და 11 თანამშრომელია.

შეგახსენებთ, რომ საგანგებო მდგმარეობის გამოცხადების შემდეგ, ბაღებმა ფუნქციუნირება 12 ოქტომბერს განაახლეს.


| Print |