COVID19
"კრედოს" ახალციხის სერვისცენტრის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
დღეიდან "კრედოს" ახალცხის სერვისცენტრი დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 21 ოქტომბერს ბანკის ერთ-ერთ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც "კრედო ბანკში" აცხადებენ, თანამშრომლის ინფიცირების შესახებ გუშინ საღამოს გაიგეს და დღეიდან უკვე შესაბამისი ზომები მიიღეს. მიუხედავად იმისა, რომ ჯანდაცვიდან მათ არავინ დაკავშირებია და მითითებებიც არავის მიუცია, თანამშრომლები საკუთარი ნებით თვითიზოლაციაში გადავიდნენ. მათი თქმით, შენობას დეზინფექცია ჩაუტარდა, ხელმძღვანელობამ კი დისტანციურ რეჟიმზე გადასვლის გადაწყვეტილება მიიღო.

"მივყვებით ჯანმოსა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციებს. შესაბამისად, როდესაც ასეთი შემთხვევა ხდება, ვატარებთ ტესტირებას. გუშინ მივიღეთ ამის შესახებ ინფორმაცია და სერვისცენტრი დაიხურა. ვიდრე ჯანდაცვა არ გვეტყვის, რომ მუშაობის გაგრძელება შეგვიძლია, მანამდე სერვისცენტრი იქნება დახურული. ამ დროის განმავლობაში შენობაში მრავალჯერადად ჩავატარებთ დეზინფექციას და ამ პერიოდში თანამშრომლები იქნებიან იზოლაციაში. დისტანციურ რეჟიმში სარეზერვო თანამშრომლები იმუშავებენ" - განუცხადა "მეცხრე არხს" "კრედოს" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა მეგი გურგენიძემ

ინფიცირებული პირი "კრედოს" თანამშრომელთან კონტაქტში 16 ოქტომბერს იმყოფებოდა, რომელმაც 19 ოქტომბერს შეიტყო რომ COVID 19-ის მატარებელი იყო. ამის შესახებ ბანკის ახალციხის სერვისცენტრს ეცნობა და შედეგად თანამშრომელი თვითიზოლაციაში გადავიდა. მას კორონავირუსზე ტესტის პასუხი გუშინ გვიან საღამოს მიუვიდა, რომლიც მიხედვითაც იგი კოვიდდადებითია.
| Print |