COVID19
ახალციხის მეხუთე სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა
ახალციხის მეხუთე საჯარო სკოლაში კორონავირუსის შემთხვევები დაფიქსირდა. ინფიცირებული მანდატური და ერთი ოჯახის ორი მოსწავლეა. სკოლის დირექტორის განმარტებით, ბავშვებს კონტაქტი სხვა მოსწავლეებთან და მასწავლებლებთან არ ჰქონიათ, რადგან ისინი 13 ოქტომბრის შემდეგ სასწავლო პროცესს არ დასწრებიან. ინგა ვარდიძის ინფორმაციით, მოსწავლეები მშობლისგან დაინფიცირდნენ. რაც შეეხება მანდატურს მას კორონავირუსი დღეს, 22 ოქტომბერს დაუდასტურდა. სკოლაში კი ბოლოს 16 ოქტომბერს იყო.

"ფაქტობრივად მოსწავლეებს სკოლაში არ უვლიათ და ინფიცირებულთან კონტაქტი არ ჰქონია არცერთ მოსწავლეს და არცერთ მასწავლებელს. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად, სწავლას ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობთ. მანდატურს რაც შეეხება, 16 ოქტომბერს, პარასკევს იმყოფებოდა სასწავლო პროცესის ბოლომდე სკოლაში და შაბათს ჰქონდა კონტაქტი ინფიცირებულ მამასთან. შესაბამისად,ამის შემდეგ თვითიზოლაციაში იყო და სკოლასთან კონტაქტი არ ჰქონია" - აცხადებს მეხუთე საჯარო სკოლის დირექტორი ინგა ვარდიძე.

მეხუთე საჯარო სკოლაში 1520 ბავშვი სწავლობს. ერთ-ერთი მოსწავლის მშობელი "მეცხრე არხთან" ამბობს, რომ შემთხვევის შესახებ სკოლაში შეიტყო.

"ბავშვები რომ გამოვიყვანე სკოლიდან, მაშინ გავიგე, რომ დაწყებით კლასებში კორონავირუსი დაფიქსირებულა. ჩემი შვილებიც პატარების კორპუსში სწავლობენ. თავს იმით ვიმშვიდებთ, რომ ის ბავშვები სკოლაში დიდი ხანია არ ყოფილან. გვითხრეს რომ საშიში არაფერია" - ამბობს "მეცხრე არხთან" ერთ-ერთი მშობელი.

კორონავირუსის დაფიქსირების გამო, ამ დროის მონაცემებით, სამცხე-ჯავახეთში დისტანციურ რეჟიმზე 7 სკოლაა გადასული. ონლაინ გაკვეთილები ტარდება ახალციხის №4, ვალეს №2, ახალქალაქის №4 და №5, ნინოწმინდის №1 და სოფელ დილიფის საჯარო სკოლებში.
| Print |