COVID19
დღეიდან, ახალი ტესტებით, კორონავირუსზე პასუხი 20 წუთში გახდება ცნობილი
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილის, განცხადებით, დღეიდან ქვეყანაში ანტიგენზე დაფუძნებული სწრაფი ტესტები ამოქმედდება.

როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრის დასრულების შემდეგ პაატა იმნაძემ განმარტა, აღნიშნული ტესტით მოქალაქე კორონავირუსზე პასუხს 20 წუთში მიიღებს.

„დღეს მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ სწრაფი ტესტები, ხაზს ვუსვამ, ეს არის არა ყველანაირი სწრაფი ტესტები, არამედ ეხება ანტიგენზე დამყარებულ სწრაფ ტესტებს, რომელიც ზუსტად ისევე კეთდება, ანუ ცხვირიდან უნდა იქნას ნაცხი აღებული და სწრაფი ტესტით კეთდება. მსოფლიოში ორი ტესტია აღიარებული და ამ ორიდან ერთ-ერთი საქართველოში ჩვენ გვაქვს. ეს არის როგორც, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლოდროინდელი რეკომენდაცია, ასევე ამერიკის FDI-ის მიერ აღიარებული. მათი გამოყენება დიაგნოსტიკისათვის მოხდება ისეთივე პროტოკოლით, როგორც ხდება დიაგნოსტიკისათვის PGR-ის გამოყენება. ამას აღარ სჭირდება PCR ტესტით დადასტურება, ეს უკვე შესულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციებში. ეს ტესტები ჩვენ უკვე გვაქვს, ახლა მარაგი სადღაც 150 000-მდეა და კიდევ ნახევარი მილიონი შეკვეთილია. ეს იქნება დამხმარე PGR-ისთვის. თავიდან სულ სხვა ტესტებზე იყო საუბარი და ეს არის სულ სხვა სწრაფი ტესტი, 20 წუთში პასუხი გექნებათ“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

მისივე განმარტებით, ხვალ ექნებათ მომდევნო კვირების განახლებული პროგნოზი. როგორც იმნაძე აცხადებს, დღეში ინფიცირების 3000-4 000 შემთხვევაა მოსალოდნელი.
| Print |