COVID19
ახალციხეში "არტურას კლინიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა
ახალციხეში "არტურას კლინიკის" თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ ინფორმაცია "მეცხრე არხს" კლინიკის მფლობელმა დაუდასტურა. არტურ ბალასანიანის თქმით, ინფიცირებული პირი, ბოლო პერიოდში სამსახურში არ დადიოდა და შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების პერსონალთან შეხება არ ჰქონია. მიუხედავად ამისა, თავის დაზღვევის მიზნით, კლინიკამ ორშაბათამდე მუშაობა შეაჩერა.

"კლინიკასთან შეხება არ ჰქონია, იმიტომ რომ 5 დღეა სამსახურში არ იყო. ახლა სახლშია. შვილისგან გადაედო, რომელიც თანაკლასელისგან დაინფიცირდა. ჩვენი თანამშრომელი თვითონ მივიდა ცხელების ცენტრში. ისედაც, პერსონალის ნაწილი გაშვებული მყავდა სახლში. მარტო მე ვმუშაობდი, ერთი ექიმი და ექთანი. დღეიდან პაციენტების მიღება შევაჩერეთ ორშაბათამდე. ორშაბათს ვნახოთ. როგორც იქნება საჭირო ისე მოვიქცევით" - განაცხადა არტურ ბალასანიანმა.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მონაცემებით სამცხე-ჯავახეთში, ბოლო 24 საათში კორონავირუსის 30 შემთხვევაა დაფიქსირებული.
| Print |