COVID19
ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული "ლოკდაუნი" არ გამოცხადდეს - ცერცვაძე
ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს.

როგორც ცერცვაძე განმარტავს, ხელისუფლებამ პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი, არამედ რთული გზა არჩია, ვინაიდან სრული ლოკდაუნი მოსახლეობას დისკომფორტს უქმნის და ეკონომიკის რეცესიას იწვევს. ამასთან, როგორც თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, ისინი მუშაობენ, რომ ჯანდაცვაში არსებული ხარვეზები აღმოფხვრან.

„სამწუხაროდ, აღინიშნება კოვიდ შემთხვევების მატება, საქართველოში ყოველ დღე ფიქსირდება რეკორდული რაოდენობა. მაგრამ მინდა მოსახლეობამ იცოდეს, რომ ამ შემთხვევაში ეს საქართველოში არ ხდება, ეს არის მთელ მსოფლიოში, სადაც ყოველ დღე მყარდება რეკორდები. 

ევროპის ბევრმა ქვეყანამ გამოაცხადა ლოკდაუნი, სრული ან ნაწილობრივი, საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს ასეთ მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები. თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მოვახდინოთ მეტი საწოლფონდის, მეტი ექიმების მობილიზება, დაიხვეწოს და გაუმჯობესდეს მენეჯმენტი, რათა ის ხარვეზები, რომელიც დღეს შეინიშნება - დაგვიანება ტესტირებაში, დაგვიანება სასწრაფო დახმარების ექიმის მომსახურებისას, ოჯახის ექიმიდან, ზოგჯერ დაგვიანებული ჰოსპიტალიზაცია, აღმოიფხვრას
“, - განაცხადა ცერცვაძემ.
| Print |