"საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 საფრთხეს არ წარმოადგენს" - თენგიზ ცერცვაძე
"ქვეყნის და ჯანდაცვის სისტემის ხელმძღვანელობა ყველაფერს აკეთებს მდგომარეობის შესაძლო მოკლე ვადაში გამოსასწორებლად", - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებაშია ნათქვამი.
ცერცვაძის თქმით, საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID-19 ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე, რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთხვევების სწრაფი მატება და შესაბამისად, კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა.
"მიმაჩნია, რომ ეს უკანასკნელი გამოიწვია რამოდენიმე ფაქტორმა - საქართველომ ევროპის სხვა ქვეყნებისგან განსხვავებით, საზოგადოების განწყობისა და საარჩევნო პერიოდის სპეციფიკის გათვალისწინებით, უარი თქვა განმეორებით lockdown-ზე და მკაცრ შეზღუდვებზე, აგრეთვე იმან, რომ საქართველოს მოსახლეობამ ნაადრევად ირწმუნა, რომ COVID ქვეყნისთვის სერიოზულ საფრთხეს არ წარმოადგენს და პრაქტიკულად უარი თქვა იმ აუცილებელი რეგულაციების შესრულებაზე (პირბადის ტარება დახურულ და ღია სივრცეში, სოციალური დისტანცირება, ხალმხრავალ შეკრებებისგან თავის შეკავება და სხვ.), რამაც მნიშვნელოვნად განაპირობა COVID-19-ის ახალი შემთვევების სწრაფი მატება და შესაბამისად კლინიკური სექტორის სერიოზული გადატვირთვა, რასაც ქვეყანა ჯერ-ჯერობით მართალია სერიოზული შეფერხებებით, მაგრამ მაინც უმკლავდება, რაზეც მეტყველებს თუნდაც სიკვდილობის ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი და ჰოსპიტალს გარეთ (ბინაზე, კოვიდ სასტუმროებში და სხვ.) გარდაცვლილი პაციენტების ძალიან მცირე რიცხვი - სულ 7-8 შემთხვევა. მაგრამ ასე გაგრძელება არ შეიძლება" – ნათქვამია თენგიზ ცერცვაძის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.