COVID19
COVID19 - მითები და პრევენციის გზები (ნაწილი 3)
tv9news.ge აგრძელებს ახალი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული მითების შესახებ მასალების მომზადებას.  ამჯერად კიდევ ორ მითზე შევჩერდებით.

პირველი მითი კოღოს, ან სხვა მწერების მიერ კორონავირუსის ადამიანზე გადაცემას გულისხმობს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც ამ მითს ამყარებს. ახალი კორონავირუსი რესპირატორული ვირუსია და ის ძირითადად იმ წვეთების მეშვეობით ვრცელდება, რომელსაც დაინფიცირებული პირი ხველების, ან დაცემინების დროს გამოყოფს. 

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსის ბუნებაზე ჯერ კიდევ უცნობია ბევრი რამ, სპეციალისტებისთვის მაინც ნაკლებად სარწმუნოა ინფორმაცია, რომ მწერმა ვირუსი ინფიცირებული პირის კბენის შედეგად აიღოს და სხვა ადამიანს გადასდოს.

კოღოები და ზოგადად მწერები რომ არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები და ეს ყველაფერი მითია, ამ მოსაზრებას ამტკიცებს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილეც. პაატა იმნაძის თქმით, ახალი კორონავირუსი კოღოების მეშვეობით არ ვრცელდება. მან მოსახლეობას დამშვიდება ურჩია და აღნიშნა, რომ საქმე წვეთოვან ინფექციასთან გვაქვს.

,,კოღოები ნამდვილად არ არიან კორონავირუსის გამავრცელებლები", - განმარტავს იმნაძე.

მითი მეორე: არიან ადამიანები, რომლებიც მიიჩნევენ, რომ კორონავირუსს ხელის საშრობით, ან ალკოჰოლის მიღებით დაამარცხებენ.

• მოკვდება თუ არა კორონავირუსი, თუ ალკოჰოლს, ან ქლორს მთელ ტანზე გადაივლებთ?
თუ უკვე კორონავირუსმა ორგანიზმში შეაღწია, ალკოჰოლისა და ქლორის სხეულზე მიშხურება მას ვეღარ მოკლავს. სხეულის, სამოსის ალკოჰოლით, ან ქლორით დამუშავება შეიძლება საზიანო იყოს თქვენი სამოსისთვის, ასევე თვალებისთვის, კანისთვის. გაითვალისწინეთ, რომ დეზინფექციისთვის ალკოჰოლისა და ქლორის გამოყენება სასარგებლოა, მაგრამ აუცილებელია გარკვეული წესების დაცვა და შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება იმისთვის, რომ საკუთარ თავს არ ავნოთ.
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, სოციალურ ქსელებში ვირუსულად ვრცელდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ალკოჰოლის დალევა კორონავირუსს კლავს. ამასთან დაკავშირებით კომენტარი ამირან გამყრელიძემაც გააკეთა:

,,ჭაჭა დასალევად კი არ შველის, ის შეგიძლიათ გააზავოთ წყალში, ანტისეპტიკური თვისებები აქვს ჭაჭას და შეიძლება ასე გამოიყენოთ".

კოვიდ-19-ის პაციენტებს რესპირატორული, სუნთქვასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. დადგინდა, რომ ვირუსი ადამიანიდან ადამიანს გადაეცემა.

სიმპტომებს შორისაა:

სიცხე, მშრალი ხველა, დაღლილობა, სუნთქვის გართულება.


გამოცემულია საქართველოს ღია საზოგადოების ფონდისა და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის (GCSD) ფინანსური მხარდაჭერით. ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს ფონდისა და ცენტრის პოზიციას. შესაბამისად, ღია საზოგადოების ფონდი და საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
| Print |