COVID19
გიორგი გახარია შეზღუდვების დაწესების მიზანს განმარტავს
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, შეზღუდვების ორთვიან გეგმასთან ერთად, დღეში გასაკეთებელი ტესტების ოდენობის 20 ათასამდე გაზრდა ხელს შეუწყობს ეპიდემიის გავრელების დონის სწრაფ გამოვლენას. გიორგი გახარია შეზღუდვების მიზანს განმარტავს და ამბობს, რომ ეს ხდება იმისთვის, რათა თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს.

"მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გამოვაცხადეთ მიზნობრივი, წერტილოვანი შეზღუდვების ორთვიანი კონკრეტული გეგმა, რომელმაც უნდა დაასტაბილუროს ქვეყანაში კოვიდის ინფექციის გავრცელების სისწრაფე. ჩვენ ამავდროულად, ამ ორთვიან გეგმასთან ერთად, ვაცხადებთ ინტენსიური ტესტირების ახალ გრაფიკს, რომელიც დაიწყო გუშინ და რომელიც უახლოეს პერიოდში დღეში 20 ათას ტესტს მიაღწევს. ეს არის პარალელური პროცესი, რომელმაც შეზღუდვების პერიოდში, ხელი უნდა შეუწყოს ეპიდემიის გავრცელების დონის სწრაფ გამოვლენას. მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ, სახელმწიფოს ხარჯზე, ყოველდღიურად, 20 ათასი ტესტი გაიკეთონ, გარდა იმისა, რასაც კომერციული სექტორი გააკეთებს.

ამ ნაბიჯის მიზანია, რომ შეზღუდვების ორთვიანი გეგმა იყოს მაქსიმალურად ეფექტური, რომ ჩვენ ინფიცირების შემთხვევები მაქსიმალურად სწრაფად გამოვავლინოთ, მოვახდინოთ იზოლაცია ან მკურნალობა და თებერვლის დასაწყისში სრულფასოვანი ცხოვრების გაგრძელების შესაძლებლობა მოგვეცეს"
,- განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეყილებით, 28 ნოემბრიდან საქართველოში ახალი შეზღუდვები მოქმედებს.
| Print |