COVID19
ახალციხში COVID 19-ით კიდევ ერთი ექიმი გარდაიცვალა
ახალციხეში 65 წლის ექიმი ნინა მერაბიშვილი გარდაიცვალა. მედიკოსი რეფერალურ ჰოსპიტალში, ფტიზიატრად მუშაობდა.

კოლეგების თქმით, ქალს დაახლოებით, ორი კვირის წინ კორონავირუსი დაუდასტურდა, თუმცა დაავადება მსუბუქი სიმპტომებით მიმდინარეობდა, ამიტომ მკურნალობის კურსს სახლში გადიოდა. ქალის მდგომარეობა მაშინ დამძიმდა, როცა ინფარქტი დაემართა.

სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ინფიცირებული ექიმი კლინიკა "იმედში" 24 ნოემბერს შეიყვანა, საიდანაც თბილისის ერთ-ერთ კოვიდკლინიკაში გადაიყვანეს. ახალციხელი მედიკოსი დღეს, 10 დეკემბერს გარდაიცვალა.

,,24-ში შემოვიდა ჩვენთან, მეორე დღეს დამძიმდა და მისი ჰოლანდიურ ჰოსპიტალში გადაყვანა გახდა საჭირო" - აცხადებს კლინიკა ,,იმედის" მენეჯერი მზია კაკოშვილი.

"ავად იყო კოვიდით და კოვიდის დროს დაემართა კიდევ ინფარქტი, მაგიტომ იყო გადაყვანილი თბილისში, თორემ შიდაიზოლაციაში გადიოდა მკურნალობას. არ ჰქონდა ამ კოვიდზე ისეთი მდგომარეობა, რომ რამე პრობლემა ყოფილიყო. უბრალოდ დამძიმდა იმით, რომ დაემართა ინფარქტი"
– განუცხადა "მეცხრე არხს" ახალციხის რეფერალური ჰოსპიტლის მთავარმა ექიმმა ბესიკ ბურჯალიანმა.

ეს მეოთხე შემთხვევაა, როცა ახალციხის რეფერალური ჰოსპიტალის თანამშრომელი კორონავირუსის დიაგნოზით გარდაიცვალა.
| Print |