COVID19
დაინფიცირდებიან თუ არა ახალი შტამით კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანები?
დაბალია რისკი, რომ კორონავირუსის ახალი შტამით ის ადამიანები დაინფიცირდნენ, ვისაც კორონავირუსი გადატანილი აქვთ, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ანესთეზიოლოგიისა და კრიტიკული მედიცინის ასოციაციის დამფუძნებელმა ვახტანგ კალოიანმა განაცხადა.

„ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ყველაზე მაღალი რისკი არის ახალგაზრდა ჯგუფებში, ბავშვებში, სადაც უფრო აქტიურად გადაიცემა და შეიძლება ამიტომ გახდეს უფრო აქტიურად გავრცელებული, ესაა მისი ძირითადი რისკი. განმეორებითი ინფიცირების და დაავადების უფრო მძიმედ მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია არ არის“, - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

რაც შეეხება ვაქცინის ზემოქმედებას კორონავირუსის ახალ შტამზე, როგორც ვახტანგ კალოიანი აცხადებს, „მოდერნას“ და „ფაიზერის“ ვაქცინები ახალი შტამის შემთხვევაშიც მუშაობს.

„ცალსახად ვიცით, რომ „ფაიზერის“ ვაქცინა მუშაობს ზუსტად ისე, როგორც მუტაციამდელ შტამზე მუშაობდა. იგივე ითქმის „მოდერნაზეც“. ზოგადად, ეს მუტაციები ჩვეულებრივი ამბავია ვირუსისთვის, მუდმივი ცვლილება ხდება. ტემპებს თუ გავითვალისწინებთ, არა მგონია, რომ ეს ჩვენთან გაზაფხულის ბოლომდე იყოს. მნიშვნელოვანია ეპიდემიოლოგიური მართვა, კლასტერების და კავშირების დევნა, რომ გავრცელება არ მოხდეს და რაც შეიძლება დიდხანს შევაკავოთ“, - აღნიშნა მან.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის ახალი შტამის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, პაციენტი 50 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომლის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და ის იზოლაციაში იმყოფება.


interpressnews.ge
| Print |