COVID19
ახალციხის კოვიდსასტუმროებს ინფიცირებული პაციენტების მიღება აეკრძალა
ახალციხის კოვიდსასტუმროები ინფიცირებულ და ცხელებიან პაციენტებს აღარ იღებენ. სახელმწიფოს მათთან შესაბამისი ხელშეკრულება 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული, რომლის დასრულების შემდეგაც, ახალ შეთანხმებაზე საუბარი აღარ ყოფილა.

სასტუმროები - "კავკასია" და "ტიფლისი" ამ დროისთვის ცარიელია. "გრანდ პალასში" კი მკურნალობის კურსს მხოლოდ ერთი პაციენტი გადის. მოქალაქეების მიღება ამ ეტაპზე სამივე სასტუმროს აკრძალული აქვს.

სასტუმრო „კავკასიამ“ ცხელებიანი პაციენტების მიღება 2020 წლის 12 ნოემბერს დაიწყო. აქ საეჭვო სიმპტომებიანი პირებისთვის 25 საწოლი იყო მობილიზებული. ბოლო პაციენტი სასტუმროდან 4 იანვარს გაეწერა.

ხელშეკრულება დეკემბრის ბოლოდე გვქონდა. დავრეკე და ვუთხარი, მიღებული გვყავს ხალხი, რომელიც მომავალ წელს ასრულებს- მეთქი სავალდებულო პერიოდს. მითხრეს, რომ მათ შემდეგ აღარავინ მიმეღო" - ამბობს ნუგზარ ბლუაშვილი.

კოვიდპაციენტების მიღება შეაჩერა სასტუმრო "ტიფლისმა". ობიექტის ადმინისტრაცია კოვიდთან ბრძოლაში 2020 წლის 24 ოქტომბრიდან ჩაერთო. თავდაპირველად აქ ცხელებიან პაციენტებს ათავსებდნენ, დეკემბერში კი ობიექტი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. აქ კოვიდპაციენტებისთვის 23 ოთახის მობილიზება შეძლეს. "ტიფლისიდან" ბოლო პაციენტი 1 იანვარს გაეწერა.

„ინფორმირებულები არ ვართ გავაგრძელებთ თუ არა ისევ ინფიცირებულების მიღებას, ველოდებით ჯერ“- ამბობს სასტუმროს მფლობელი ლევან აბულაძე.

სასტუმრო "გრანდ პალასში", რომელიც კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში, ქვეყანაში პანდემიის გავრცელების პირველივე თვეებიდან ჩაერთო, ამ დროისათვის მხოლოდ ერთი კოვიდპაციენტი იმყოფება. "გრანდ პალასში" თავდაპირველად საკარანტნე სივრცე იყო მოწყობილი, შემდეგ ცხელების ზონად, საბოლოოდ კი კოვიდსასტუმროდ გადაკეთდა. გაგრძელებენ თუ არა კოვიდპაციენტების მიღებას, ობიექტის მეპატრონეს ამის შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

„ჯერ არ ვიცით არაფერი, ზარს ველოდებით, ფაქტობრივად არავინ გვყავს სასტუმროში. გამოდის, რომ დაკეტილები ვართ" - ამბობს ჭიჭიკო გელაშვილი.

სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციის აპარატის უფროსი ადასტურებს, რომ სასტუმროებს ხელშეკრულება 2020 წლის ბოლომდე ჰქონდათ გაფორმებული. გიორგი მიქელაძის თქმით, დაიწყებენ თუ არა ისევ კოვიდპაციენტების მიღებას ობიექტები, ჯერ გადაწყვეტილი არ არის.

"თუ იქნება საჭიროება, ისევ გაფორმდება ხელშეკრულება. ამ ეტაპზე სასტუმროებში პაციენტების განთავსების საჭიროება არ არსებობს"
- აცხადებს გიორგი მიქელაძე.

სასტუმროებში კოვიდპაციენტების რაოდენობა მთელი ქვეყნის მასშტაბით არის შემცირებული. 6 იანვრის მდგომარეობით, საქართველოს კოვიდსასტუმროებში 765 პირია მოთავსებული, მათგან ერთი - ახალციხეში იმყოფება, რომელიც სასტუმროს სავალდებულო ვადის გასვლის შემდეგ დატოვებს.
| Print |