COVID19
სასულიერო პირები, ტაქსის მძღოლები და ბაზრის მოვაჭრეები - ვის რამდენ დღეში ერთხელ ევალება გატესტვა
სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსის გამო, მოსახლეობის მასობრივი ტესტირება მიმდინარეობს. პროცესი 4 იანვარს დაიწყო და გაგრძელდება მანამ, ვიდრე სამცხე-ჯავახეთში პროცესის დასრულების შესახებ მითითებას არ მიიღებენ.

ქვეყნის ხელისუფლების ახალი ინიციატივით, ტესტირება ორი მიმართულებით დაიწყო. მათგან ერთი მოსახლეობის, ხოლო მეორე - სასულიერო პირების, ტაქსის მძღოლებისა და ბაზრის მოვაჭრეების პერიოდულ და უფასო ტესტირებას გულისხმობს.

,,მიზნობრივი ჯგუფები შეირჩა იმის მიხედვით, თუ რამდენად მეტია რისკი როგორც მათი დაინფიცირების, ასევე მათი მხრიდან ინფექციის გავრცელების" - განუმარტა სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მეცხრე არხს.

კანონის მიხედვით, მიზნობრივ ჯგუფებში შედიან ტაქსის მძღოლები და ბაზრის მოვაჭრეები, რომლებიც 14 დღეში ერთხელ გაიტესტებიან, ასევე სასულიერო პირები, მათ კი 7 დღეში ერთხელ უნდა ჩაუტარდეთ ტესტირება.

ტესტირების პროცესი სამცხე-ჯავახეთის ექვსივე მუნიციპალიტეტში ერთდროულად დაიწყო. ამ შემთხვევაში, საავადმყოფოებისგან განსხვავებით, ტესტი ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაიტაროს და ამისთვის სიმპტომების ქონა აუცილებელი მოთხოვნა არ არის. 

უფასო ტესტირების ჩასატარებლად მუნიციპალიტეტების გარდა, სპეციალური მობილური ცენტრები სოფლებშიც არის გახსნილი, რომლებიც გაწერილი გრაფიკის მიხედვით მუშაობენ.

გიორგი მიქელაძის თქმით, რეგიონში ამ დროისათვის სწრაფი და ლაბორატორიული ტესტების საკმარისი რაოდენობა გააჩნიათ, მუნიციპალიტეტების ბაზების განახლება კი პერიოდულად მოხდება.

| Print |