COVID19
ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. - ნიკოლოზ გამყრელიძე
საქართველოში ვაქცინის შემოსვლის დაგვიანება მსოფლიოში შექმნილი დეფიციტით აიხსნა. პროცესებში აქტიურ მონაწილეობას ითხოვს და ვაქცინების საკუთარი არხებით შემოტანას გეგმავს კერძო სექტორი. კონკრეტული ბიზნეს სუბიექტების მხრიდან უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები მწარმოებელ კომპანიებთან.

მათ შორისაა “საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფიც”, რომლის აღმასრულებელი დირექტორი ვაქცინის შემოტანასთან მიმართებით მთავრობის მხრიდან გადადგმულ ნაბიჯებს აფასებს და ამბობს, რომ აღნიშული საკითხი ელჩების დონეზე არ უნდა წყდებოდეს და პირდაპირ მწარმოებლებთან მოლაპარაკების ნაწილში მინისტრები უნდა იყვენენ ჩართულები.

,,ყველა კარი უნდა გავაღოთ და თუ არ გვიღებენ ფანჯრიდან შევიდეთ. ვისურვებდი, რომ არამარტო ელჩების დონეზე ვხედავდე ვაქცინასთან მიმართებით აქტივობას. არ არის საკმარისი ელჩების დონეზე ჩართულობა. ისრაელის მაგალითი ყველამ ვნახეთ, რამდენიმე თვე ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრი იჯდა “ფაიზერის” ოფისში, იქამდე სანამ ვაქცინები არ გამოიტანა.

ჩვენნაირ პატარა ქვეყანას შანსი არ გვაქვს, მთავრობის მაღალი თანამდებობის წარმომადგენლებმა ზუსტად იგივე უნდა აკეთონ. ერთი მინისტრი ინდოეთში უნდა იყოს, მეორე ბრიტანეთში და ა.შ. იქ უბრალოდ მიდის ბრძოლა არსებობისთვის. ამ რანგმა უნდა იმუშაოს ადგილზე და არა მარტო საელჩოებმა, რადგან არამგონია რომ მხოლოდ მსგავსი გზით მოხდეს საკითხის გადაწყვეტა”
-აცხადებს საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის აღმასრულებელი დირექტორი ნიკოლოზ გამყრელიძე.

საქართველო ამ ეტაპზე 2 წყაროდან - COVAX-დან და ვაქცინების მწარმოებელებთან პირდაპირი მოლაპარაკებების საფუძველზე ვაქცინების 3 ტრანშს ელის. ესენია 29 ათასი დოზა Pfizer-ის ვაქცინა (COVAX-იდან) და 315 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა (COVAX-იდან), რომლის ჩამოსვლამაც დროში გადაიწია. ასევე პირდაპირი მოლაპარაკებებიდან ველოდებით 150 ათასი დოზა AstraZeneca-ს ვაქცინა, არსებობს დათქმა რომ ვაქცინა მიმდინარე წლის პირველ კვარტალში გვექნება, თუმცა ესეც იმ შემთხვევაში თუ მწარმოებელი არ გვიმტყუნებს.
| Print |