COVID19
8 მარტიდან კოვიდგადატანილი პაციენტების კვლევა დაიწყება
საქართველოში კორონავირუსგადატანილი პაციენტების კვლევა 8 მარტს დაიწყება - ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა თენგიზ ცერცვაძემ IPN-ს განუცხადა.

ინფექციური საავადმყოფოს მკვლევარები შემთხვევითი შერჩევის პრინციპით იმ პაციენტებს დაურეკავენ, რომლებიც თბილისში როგორც ბინაზე, ასევე კოვიდკლინიკებში მკურნალობდნენ და მათი მონაცემები ერთიან ბაზაშია.

„ჩვენ მოვიწვევთ ყველა კოვიდგადატანილ პაციენტს. კვლევის ერთ-ერთი ამოცანაა, რომ დავადგინოთ პოსტკოვიდური სინდრომი რამდენ პროცენტს აღმოაჩნდება, რამდენს არა. რამდენი იქნება ქალი და რამდენი კაცი, როგორი იქნება ასაკობრივი განაწილება. ვის აღმოაჩნდება უფრო ხშირად, ის, ვინც ჰოსპიტალში იყო და გადაიტანა თუ ის, ვინც ბინაზე იყო და იქ გადაიtანა. პაციენტებს უკვე ორშაბათიდან, 8 მარტიდან მივიღებთ“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება კვლევაში ჩასართავი პაციენტების ოდენობას, თენგიზ ცერცვაძის თქმით, მონაცემების სარწმუნოობისთვის 400 კოვიდგადატანილი მოქალაქეც საკმარისია, თუმცა, ის მეტი სანდოობისთვის 500-მდე პაციენტის გამოკვლევას გეგმავს.

„ეს კვლევა, სავარაუდოდ, 3-4 თვე გასტანს. ეს იქნება სრულფასოვანი კვლევა. ჩვენ ვერ მოვიპოვეთ ამ კვლევისთვის დონორი და გადავწყვიტეთ, ჩვენი ცენტრის საკუთარი სახსრებით, საკუთარი შემოსავლებიდან გამოვყოთ თანხა და ამ კვლევის ღირებულება, სავარაუდოდ, 400 ათასი ლარი იქნება. თუმცა, პროცესში ეს თანხა შეიძლება შეიცვალოს. ვენ ამ კვლევის შემდეგ გვეცოდინება პოსტკოვიდური სინდრომის მქონე პაციენტს რა სავალდებულო გამოკვლევები უნდა ჩაუტარდეს“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

ცნობისთვის, 8 მარტის მონაცემებით, Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 390 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 172 პირი და გარდაიცვალა -10 მოქალაქე. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 563 პირი ემსხვერპლა.
| Print |