COVID19
პასუხისმგებლობას ვერ ავიღებთ ვაქცინაციის პროპაგანდაში - საპატრიარქო
ვაქცინაცია ნებისმიერი ადამიანის პირადი და თავისუფალი არჩევანია - ასე ეხმაურება საპატრიარქო დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის მოწოდებას, რომ ვაქცინაციის პოპულარიზაციაში სასულიერო პირები ჩაერთონ. საქართველოს საპატრიარქომ განცხადება გაავრცელა სადაც განმარტავს, რომ ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში პასუხისმგებლობას ვერ აიღებს.

"დღეისათვის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ვაქცინაციასთან დაკავშირებით ხელმძღვანელობს წმინდა სინოდის 2021 წლის 11 მარტის განჩინებით, საიდანაც ვკითხულობთ:

„მივესალმებით იმ ფაქტს, რომ კოვიდპანდემიასთან დაკავშირებული ვაქცინაციის პროცესი გამოცხადდა, როგორც ნებაყოფილობითი და არა სავალდებულო; ეს მეტად მნიშვნელოვანია, მით უმეტეს, დღეს, როდესაც ვაქცინა ახალი შექმნილია და მის შესახებ სხვადასხვა ქვეყნის ჯანდაცვის სპეციალისტებსაც განსხვავებული მოსაზრებები აქვთ.

შევნიშნავთ იმასაც, რომ ნებისმიერი ადამიანი, მიუხედავად მისი საზოგადოებრივი მდგომარეობისა, საჯარო თუ კერძო საქმიანობისა, შევიწროების, შეურაცხყოფის ან დევნის ობიექტი არ უნდა გახდეს, როგორც აცრის, ისე აუცრელობის შემთხვევაში.

საქართველოს ეკლესია დიდად აფასებს იმ სიკეთეს, რაც ზოგადად მედიცინას მოაქვს ადამიანების ჯანმრთელობის დაცვისთვის, თუმცა პასუხისმგებლობას ვერ აიღებს ვაქცინაციის პროპაგანდასთან მიმართებაში, რადგან ეს ჯანდაცვის მუშაკთა კომპეტენცია და პასუხისმგებლობაა“.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ, ვაქცინაციის პროცესში დახმარებისთვის საპატრიარქოს პირდაპირ ეთერში, 16 მარტს მიმართა. მისი თქმით, ეკლესია ავტორიტეტით სარგებლობს, ამიტომ სასულიერო პირების რეკომენდაციას ვაქცინაციის შესახებ, მრევლი გაითვალისწინებს.

„მოსახლეობას თქვენი სჯერა, ბევრ შემთხვევაში, ექიმზე უფრო ძლიერ. გთხოვთ, განსაკუთრებული თანამშრომლობა იყოს ვაქცინაციის პროცესში. ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი შეხვედრისთვის, ყოველთვის ასეა და დიდი პატივია საქართველოს ეკლესიასთან თანამშრომლობა,“ - განაცხადა გამყრელიძემ.
| Print |