COVID19
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამის შემთხვევა დაფიქსირდა
საქართველოში კორონავირუსის ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამით ინფიცირების ერთი შემთხვევა დაფიქსირდა. როგორც უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამი დუბაიში მოგზაურობის ისტორიის მქონე საქართველოს მოქალაქეს დაუდასტურდა.

„გიდასტურებთ, რომ ლაბორატორიულად ერთი შემთხვევა დადასტურდა ე.წ. სამხრეთ აფრიკული შტამისა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ რეკომენდაცია გასცა, რომ არ იყოს დიკრიმინაცია, ნუღარ ვახსენებთ სიტყვებს სამხრეთ აფრიკული, ინდური, ბრიტანული და ა.შ. და მათი შემოკლებული აბრევიატურებით ვისარგებლოთ. ამ შემთხვევაში საუბარია B1351 შტამზე, რომელიც საქართველოს ერთ მოქალაქეს დაუდასტურდა, დუბაიში მოგზაურობის ისტორიით. მისი კლინიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, უკვე სრულად განკურნებულია, არაფერი პრობლემა არ აქვს. მისი იზოლირება დროულად მოხდა”, - განაცხადა გამყრელიძემ.

შეგახსნებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საქართველოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის ხუთი შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |