COVID19
ერთი ჩვილი გარდაიცვალა, ორის მდგომარეობა მძიმეა - ციციშვილის კლინიკა
ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული ჩვილი გარდაიცვალა. ბავშვი ალფა შტამით, ე.წ. ბრიტანული ვარიანტით იყო ინფიცირებული. 

ამჟამად ციციშვილის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით ორი ჩვილია კრიტიკულად მძიმე მდგომარეობაში, ერთ-ერთ მათგანი, რომელსაც დელტა, ანუ ე.წ. ინდური შტამი დაუდასტურდა, აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი. 

ციციშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკის ექიმი აცხადებს, რომ კორონავირუსით გარდაცვლილი ჩვილი ორ კვირაზე მეტხანს რეანიმაციაში, მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. მისივე თქმით, მკურნალობაში მთლიანი სამედიცინო ჯგუფი იყო ჩართული, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

ექიმის განმარტებით, უკიდურესად მძიმეა კიდევ ორი ჩვილის მდგომარეობა. მათგან ერთს "ინდური" მეორეს კი "ბრიტანული" შტამი აქვს დადასტურებული.

"სამწუხაროდ, დანარჩენი ორი პაციენტის მდგომარეობაც არის უკიდურესად მძიმე, მაქსიმალურს ვცდილობთ, რომ დადვოთ დადებითი შედეგი, თუმცა აქაც საკმაოდ მძიმე მდგომარეობაა და რაიმე კონკრეტული პროგნოზების გაკეთება ამ ეტაპზე შეუძლებელია",
- თქვა ექიმმა.

ექიმის თქმით, გარდაცვლილი ახალშობილი საავადმყოფოში შეყვანის დროს 5 დღის იყო, მას მალევე სუნთქვის უკმარისობა დაუდგინდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
| Print |