COVID19
ქელეხის სუფრა ეზოში იყო გაშლილი - სოფელ ურაველში 19 ოჯახში კორონავირუსი დაფიქსირდა
ახალციხის სოფელ ურაველში კორონავირუსი 40-მდე ადამიანს დაუდასტურდა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ გავრცელების წყარო დაახლოებით, 10 დღის წინ თანასოფლელის დაკრძალვაა. მათი თქმით, ქელეხის სუფრა ჭირისუფლებს ეზოში ჰქონდათ გაშლილი.

„ძირითადად, ერთ უბანშია ყველა ინფიცირებული, ამიტომ დაუკავშირეს გასვენებას. 19 ოჯახია, ბავშვებიც არიან და ორსულებიც. მეც ვიყავი მაგ გასვენებაში, მაგრამ თანხა დავწერე და მაშივე წამოვედი, არ გავჩერებულვარ. ხალხი არ ერიდება ერთმანეთს, ოჯახში რომ კოვიდია, მისი წევრები გარეთ დადიან. ახლა სათიბების და ყანების დროა და ხალხსაც ვერ გამტყუნებ, სახლში ვერ დაჯდება“, - გვითხრეს სოფელში ადგილობრივებმა. 

ახალციხის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ კოვიდაფეთქება მხოლოდ სოფელ ურაველშია. უფროსის მოვალეობის შემსრულებელი თემურ ზაქრშვილი ამბობს, რომ 

"რაც სოფელში მასობრივი ტესტრება ჩატარდა, მას შემდეგ აღარ გაგვიტესტავს მასობრივად. თვითდინებით თუ შედიან კლინიკებში, ეგ არ ვიცი. თავად მოსახლობა გავრცელების წყაროდ გასვენებას ასახელებს".

ერთი კვირაა სამცხე-ჯავახეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 100-ს გადასცდა. დღეს, 20 აგვისტოს ახალციხის მუნიციპალიტეტში ვირუსის 36 შემთხვევა დაფიქსირდა.
| Print |