COVID19
„მეხუთე ტალღას“ ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით - თამარ გაბუნია
ბოლო რამდენიმე დღეა დაახლოებით, 2 500-3 000-მდე მერყეობს ინფიცირებულთა მაჩვენებელი - ამ მერყეობის აქტიური მართვა არის მთავარი. მას „მეხუთე ტალღას“ ნამდვილად ვერ დავარქმევთ, რადგან ჯერ ჩვენ „მეოთხე ტალღიდან“ ვერ გამოვედით, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

როგორც მან საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ აღნიშნა, ინფიცირებულთა დღევანდელი მაჩვენებელი საყურადღებოა.

„ჩვენ ამას განსაკუთრებით შევისწავლით, რადგან გარკვეული მატება ბოლო პერიოდის განმავლობაში იყო, თუმცა გარკვეულწილად უჩვეულოდ მაღალი მატებაა დღევანდელი ციფრი. ბუნებრივია მას ხელს უწყობს მობილობა, აცრების შედარებით დაბალი მაჩვენებელი, რადგან არ არის საკმარისი ის იმუნური ფენა, რომელიც ჩვენ დღეს ჩამოგვიყალიბდა იმისთვის, რომ ინფექციის გავრცელებას ხელი შევუშალოთ. გარკვეული მერყეობაა, რაც უნდა მოგვარდეს იმ გზით, რომ დავუბრუნდეთ პირბადის ტარებას, სოციალურ დისტანციას და რაც მთავარია ვაქცინაციის პროცესი უნდა გააქტიურდეს“, - განაცხადა გაბუნიამ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თქმით, ისინი მაქსიმალურად მუშაობენ იმისთვის, რომ სკოლების აქტივობა არ შეფერხდეს.

„სკოლების პროტოკოლი გაწერილია და ყველამ იცის როგორ უნდა მოიქცეს თუ გამოვლინდა ინფიცირება და იყო რამდენიმე შემთხვევა. საჯარო სკოლების საერთო რაოდენობა, რომლებიც ონლაინ რეჟიმზე გადავიდნენ, 2,2%-ია. მაქსიმალური აქტივობით და ყურადღებით მოხდება შემთხვევების გამოვლენა და დროული მართვა, რაც შეიძლება სასკოლო გარემოში გვქონდეს იმისთვის, რომ სასწავლო პროცესს ხელი არ შეეშალოს“ , - აღნიშნა გაბუნიამ.
| Print |