COVID19
„სახიფათო ვითარებაა, ველოდებით შემთხვევების ზრდას “ - სპეციალისტები ეპიდვითარებაზე
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი, კონსტანტინე ჩახუნაშვილი და ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი ქვეყანაში გაუარესებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე საუბრობენ. მათი თქმით, ვითარება ყველა მხრივ გაუარესებულია, რაც საწოლფონდების გადატვირთვის საშიშროებას ქმნის.

როგორც ეპიდემიოლოგმა ოთარ ჩოკოშვილი აღნიშნა, პოპულაციური იმუნიტეტის მისაღწევად აუცილებელია ვაქცინაციის ტემპის გაზრდა.

„ჩვენ ველოდებით შემთხვევების უფრო ზრდას, ვიდრე კლებას და რეალურად, ქვეყანაში არის შემდგომი ტალღის გავრცელება და მიმდინარე თვეები იქნება საკმაოდ მაღალი გავრცელებით, რაც გააჩენს იმის საშიშროებას, რომ გადაიტვირთოს საწოლფონდები. ვაქცინირებულთა რაოდენობის მატება არის ჩვენი მთავარი სამიზნე, რათა მივაღწიოთ დამცველობით, ე.წ პოპულაციურ იმუნიტეტს და თავიდან ავიცილოთ დაავადების შემდგომი გართულებული შემთხვევები“, - განაცხადა ოთარ ჩოკოშვილმა.

გაუარესებულ ეპიდვითარებაზე და ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ისაუბრა, ასევე, ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრმა, კონსტანტინე ჩახუნაშვილმა.

მისი თქმით, არსებული სიტუაცია სამედიცინო სექტორის გადატვირთვას გამოიწვევს და ხარისხი გაუარესდება.

„ვითარება გაუარესებულია და ბოლო ორი კვირაა, ერთსა და იმავე მაჩვენებელზე რჩება. სახიფათო ვითარებაა, იქიდან გამომდინარე, რომ კლინიკებში მომართვიანობა თუ გაიზარდა, არ აქვს მნიშვნელობა კორონავირუსის, თუ სხვა ვირუსების გამო, ეს გამოიწვევს სამედიცინო სექტორის კიდევ უფრო მეტ გადატვირთვას და შესაბამისად, ხარისხი გაუარესდება. აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ავიცრათ“, - აცხადებს კონსტანტინე ჩახუნაშვილი.
| Print |