COVID19
რა განსხვავებაა გრიპსა და კორონავირუსს შორის
იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა ივანე ჩხაიძემ გრიპის და კორონავირუსის თვისებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ კლინიკური ნიშნების საფუძველზე განსხვავება ძალიან რთული იქნება.

,,ყველა კომპონენტი რომლითაც ფასდება პანდემიის მიმდინარეობა, მიუთითებს იმაზე, რომ წინსვლა არ გვაქვს. ბოლო კვირების განმავლობაში ინფიცირებულთა მაჩვენებელი მაღალია. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა ქვეყანაში რჩება ისევ ძალიან მძიმე. სიმპტომები კორონავირუსის და გრიპის მსგავსია. ივლისი, აგვისტო, სექტემბრის განმავლობაში ადამიანს, რომელსაც აღენიშნებოდა მაღალი ტემპერატურა, ყელის, კუნთების, თავის ტკივილი და საერთო სისუსტე კატეგორიულად იყო კორონავირუსი. ახლა კი განსხვავება იქნება წარმოუდგენელი. კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით ვერ განასხვავებ ეს არის გრიპი თუ კორონავირუსი. იმისთვის, რომ ჩვენ საბოლოო დიაგნოზი დავსვათ და რაც მთავარია, მკურნალობა დავიწყოთ, აუცილებლად დაგვჭირდება ლაბორატორიული ტესტირება".

ივანე ჩხაიძემ, ასევე, ყურადღება გაამახვილა ვაქცინაციასა კოვიდპასპორტზე. მისი თქმით, თუ ადამიანი კორონავირუსით და გრიპით ერთდროულად ინფიცირდა, ლეტალობის რისკი გაცილებით უფრო მაღალია. გრიპის ვაქცინას ორი დადებითი კომპონენტი აქვს. ვაქცინა ადამიანს იცავს ორივე ვირუსის ინფიცირებისაგან, რადგან ორივეს არსებობა ადამიანის მდგომარეობას ამძიმებს.

,,გრიპის და კორონავირუსი სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა (38 და უფრო მეტი), თვალების, ყელის, კუნთებისა და სახსრების, თავის ტკივილი და მშრალი იშვიათი ხველა. ყველა ამ სიმპტომის უკან დგას დაავადების მძიმე მიმდინარეობა განსხვავებით გაციებისგან, რომელსაც არცერთი ეს ჩამოთვლილი ნიშანი არ ახასიათებს. გაციებას არ ახასიათებს - კუნთების, თავის ძლიერი და ყელის ტკივილი. ცემინება კი მხოლოდ გრიპს ახასიათებს.

როცა ზამთრის სეზონზე ვლაპარაკობთ, აქ 3 განსხვავებული ვირუსული ინფექცია უნდა იყოს განხილული. კორონავირუსი შეიძლება მიმდინარეობდეს გაციების მსგავსი სიმპტომებითაც. ვერცერთი ექიმი, სპეციალისტი მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე და სისხლის
ანალიზებზე დაყრდნობით ვერ განასხვავებს - ეს არის კორონავირუსი, გაციება თუ გრიპი“, - განაცხადა იმუნიზაციის ტექნიკური მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა.
| Print |