COVID19
"ომიკრონის" გავრცელების გამო, საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა
ომიკრონის გავრცელების გამო, საპატრიარქოში კარანტინი გამოცხადდა. პატრიარქის მდივნის მიქაელ ბოტკოველის თქმით, კორონავირუსი მონასტრის წევრებს დაუდასტურდათ და შენობაში ადამიანების შესვლა მაქსიმალურად შეზღუდეს.

"კარანტინი გამოცხადდა მას შემდეგ, რაც ეს "ომიკრონის" ვირუსი ძალიან აქტუალური გახდა. ძალიან ბევრს, მათ შორის მეც შემხვდა კორონავირუსი და ყველაფერ ამას დაუკავშირდა ეს, მაქსიმალურად შეიზღუდა ადამიანების შესვლა. მონასტრის წევრებსაც დაუდასტურდათ, კი. პატრიარქს კორონავირუსი არ დადასტურებია, მაგრამ ეს მონასტერი, რომელზეც თქვენ საუბრობთ, საპატრიარქოს ეზოში მდებარეობს, რომელსაც პატრიარქის რეზიდენციის იმ ფლიგელთან შეხება არ აქვს",
— ამბობს ბოტკოველი "მთავარ არხთან". 

საკითხთან დაკავშირებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ პანდემიის სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა, დღეისთვის კი საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა გარკვეული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

ამასთანავე, საპატრიარქო განმარტავს, რომ მონასტერი, რომლის წევრებიც დაინფიცირდნენ, იზოლირებულია და შეხება არ აქვს იმ შენობასთან, სადაც პატრიარქის რეზიდენციაა განთავსებული. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ილია მეორე "თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს".

"საქართველოს საპატრიარქოში გარკვეული შეზღუდვები დაწესებულია და მოქმედებს პანდემიის დაწყების დღიდან მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ამასთან, ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ მაქსიმალურად ვიცავდით მედიკოსების რეკომენდაციებს.

პანდემიური ვითარების სირთულიდან გამომდინარე, სხვადასხვა დროს სხვადასხვა სიმკაცრის შეზღუდვები მოქმედებდა. დღეისათვის საპატრიარქოში ეს შეზღუდვები გამკაცრებულია, თუმცა შეუფერხებლად და შეუზღუდავად მუშაობს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური, სტუდია „გზაგასაყართან" ამზადებს გადაცემებს, მუშაობს კანცელარია, სამდივნო, პენიტენციურ სამსახურთან ურთიერთობის განყოფილება. შეზღუდვები მართლაც არის, თუმცა „სრული კარანტინი" გაზვიადებული განსაზღვრებაა,“-
ნათქვამია განცხადებაში.

On.ge
| Print |