COVID19
სამცხე-ჯავახეთში კოვიდკლინიკები გაუქმდა
სამცხე–ჯავახეთში არსებული ოთხივე კოვიდკლინიკა გაუქმდა. კლინიკა „იმედში“ ამბობენ, რომ ,,ბოლო პერიოდში პაციენტები თითქმის აღარ გვყავდა, ეს კი კოვიდკლინიკების დემობილიზაციის წინაპირობაა". კლინიკური მენეჯერი მზია კაკოშვილი განმარტავს, რომ ,,15 მარტს მივიღეთ წერილი სტატუსის გაუქმების შესახებ".

იმ შემთხვევაში თუ პირს კორონავირუსი კლინიკის გარეთ უდასტურდება, მოქალაქე ჯანდაცვის სამინისტროს ცხელ ხაზზე დარეკავს, სადაც განუმარტავენ, რომელ სამედიცინო დაწესებულებას უნდა მიმართოს.

ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, კლინიკების დატვირთვა მნიშვნელოვნად შემცირდა, რის გამოც კოვიდკლინიკების საჭიროება აღარ არის, თუმცა, ვითარების შეცვლის შესაბამისად ისინი ისევ დაუბრუნდებიან ჰიბრიდული მუშაობის რეჟიმს. ჰოსპიტალური სექტორის დემობილიზაცია კოვიდინფიცირების კლების გამო გადაწყდა. შესაბამისი ბრძანება სამცხე–ჯავახეთის კლინიკებმა უკვე მიიღეს.

,,ქალბატონმა თამარ გაბუნიამ არა ერთხელ გააკეთა ამაზე კომენტარი, მას შემდეგ, რაც კოვიდპანდემია დაიწყო, შევიმუშავეთ პროტოკოლი - როდესაც არის დატვირთვა ნაკლები (ამჟამად არის საწოლფონდის 50%-ანი დატვირთვა), ზოგი ერთ კოვიდ კლინიკას ავტომატურად ეგზავნება წერილი, რომ მათი მუშაობა ჰიბრიდულ რეჟიმში აღარ არის საჭირო და მოახდინონ დემობილიზაცია. თუმცა, როგორც კი შემთხვევების მატებასთან ერთად საჭიროება დგება, კლინიკებს უბრუნდებათ კოვიდსტატუსი" - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

| Print |