COVID19
რომელ ქვეყნებში გაუქმდა პირბადით მგზავრობისა და PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება
26 მაისიდან ევროპის ქვეყნებში თვითმფრინავით მიმავალ მგზავრებს აეროპორტსა და ბორტზე პირბადის ტარება აღარ მოეთხოვებათ. ამის შესახებ გამოცემა SchengenVisaInfo წერს.

შესაბამისი გადაწყვეტილება ევროკავშირის სამოქალაქო ავიაციის უსაფრთხოების სააგენტომ (EASA) და ევროპის დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ცენტრმა მიიღეს (ECDC).

EASA-ს აღმასრულებელი დირექტორის, პატრი კის განცხადებით, ეს გადაწყვეტილება არის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი საჰაერო მიმოსვლის ნორმალიზების კუთხით.

21 მაისიდან კი ისრაელში შესასვლელად PCR ტესტის წარდგენის ვალდებულება გაუქმდა. განცხადება კოვიდშეზღუდვების მოხსნის შესახებ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გაავრცელა.

ახალი წესების თანახმად, საჰაერო, საზღვარო და სახმელეთო გზით შესვლის შემთხვევაში PCR ტესტის წარდგენა აღარ იქნება საჭირო. გარდა ამისა, გაუქმდა ისრაელში ჩასვლის შემდეგ 24-საათიანი კარანტინის გავლის აუცილებლობა.

ამასთანავე, კვლავ საჭიროა 48 საათში ქვეყანაში შესვლის შესახებ დეკლარაციის შევსება და ჯანმრთელობის ისეთი დაზღვევის არსებობა, რომელიც კოვიდის მკურნალობას ფარავს. საერთაშორისო რეისების მგზავრებმა ფრენისას ისევ პირბადე უნდა ატარონ.
| Print |