ხალხის აზრით
რატომ უნდა აიკრძალოს აზარტული თამაშები 25 წლამდე პირებისთვის?
საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს საკანონმდებლო ინიციატივა, რომლის თანახმად, 25 წლამდე პირები აზარტულ თამაშებში მონაწილეობას ვეღარ შეძლებენ. 

„სამწუხაროდ, სამი თვის განმავლობაში, სრულიად უპასუხისმგებლოდ, პარლამენტის უმრავლესობა ცდილობდა რომ კანონი განხილვაზე არ მოხვედრილიყო. აღსრულების მეთოდით, რა მეთოდითაც კანონპროექტია დარეგისტრირებული, ვფიქრობ რომ ჩვენ შევძლებთ, დაახლოებით 80-95%-იანი ეფექტიანობით გამკლავებას. არასრულწლოვნები ფაქტობრივად გამორიცხულნი იქნებიან“ - გვითხრა კანონპროექტის ინიციატორმა ლევან გოგიჩაიშვილმა.

კანონპროექტის მიღების ძირითადი მიზანია, სათამაშო ბიზნესის სფეროში არსებული სოციალური ფონის გაუმჯობესება. კერძოდ, ყველა სათამაშო ბიზნესის დაწესებულებას ექნება ვალდებულება, სათამაშოდ დაშვებამდე პირს მოსთხოვოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი და გადაამოწმოს ის დამოკიდებულ პირთა სიაში.

"ასევე, პროექტის მიზანია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების წინააღმდეგ ბრძოლის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმით სახელმწიფოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულება და FATF და MONEYVAL-ის რეკომენდაციების გათვალისწინება, რაც გამოხატულია ნებართვის გაცემამდე ნებართვის მფლობელი ბოლო ბენეფიციარი პირის და მის ხელთ არსებული კაპიტალის გამოკვლევით,“
- ვკითხულობთ პროექტის განმარტებით ბარათში.

კანონის ამოქმედების ვადად 2020 წლის 1-ლი სექტემბერია განსაზღვრული.

ახალციხეში გამოკითხულთა უმრავლესობას მიჩნია, რომ კანონპროექტი ძალაში დაუყოვნებლივ უნდა შევიდეს, თუ სახელმწიფოს სურს, რომ ახალგაზრდების სიკვდილიანობა შემცირდეს და სოციალური ფონი გაუმჯობესდეს.  მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ თამაშზე დამოკიდებული ადამიანისთვის მსგავსი ტიპის აკრძალვა მნიშვნელოვნად არაფერს შეცვლის.

| Print |