ხალხის აზრით
სახელმწიფოს თუ ოჯახის გულგრილობა - რას ფიქრობენ ახალციხეში 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობაზე
სოციალური სამსახური, სამართალდამცველები, ოჯახი და საზოგადოება - ვისი პასუხისმგებლობა იკვეთება 14 წლის მოზარდის თვითმკვლელობამდე მიყვანის საქმეში. არასრულწლოვანმა პოლიციასთან ჯერ კიდევ ორი თვის წინ განაცხადა, რომ მასზე სექსუალურად იძალადეს და გააუპატიურეს. იმის გამო, რომ ამ ხნის განმავლობაში ექსპერტიზის დასკვნა ვერ მიიღო და არც სავარაუდო დამნაშავე დაუკავებიათ, მოზარდმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

უბედური შემთხვევის შესახებ ახალციხეში მოსახლეობას ვკითხეთ. საზოგადოების ნაწილი ამბობს, რომ მომხდარი სახელმწიფოს, საზოგადოების, ოჯახის, სკოლის გულგრილობის და პასუხისმგებელი უწყებების არასათანადო რეაგირების ბრალია.

შეგახსენებთ, რომ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 14 წლის მოზარდი გააუპატიურეს, ორი თვის შემდეგ კი მან თავი მოიკლა. პოლიციამ ბრალდებული მხოლოდ თვითმკვლელობის შემდეგ დააკავა.

გაუპატიურებული არასრულწლოვნის თვითმკვლელობის გამო, საქართველოში ასდღიანი კამპანია #ნინისგამო დაიწყო. მისი მიზანია საზოგადოებისა და ხელისუფლების ყურადღების მიპყრობა სექსუალურ ძალადობაზე და ამ მხრივ სისტემური რეფორმების გატარების აუცილებლობის ჩვენება.

კამპანიის მონაწილეებს რამდენიმე მოთხოვნა აქვთ:

1. შეიცვალოს სისხლის სამართლის გაუპატიურების მუხლი და თანხმობის არარსებობა გახდეს ცენტრალური ასპექტი;

2. შეიქმნას პროკურატურაში სპეციალიზირებული დეპარტამენტი, რომელიც გამოიძიებს სექსუალური ძალადობის საქმეებს;

3. ფორმალური განათლების ნაწილი გახდეს ბავშვებისათვის სქესობრივი ძალადობის ამოცნობა და მისგან თავის დაცვა;

4. გაიზარდოს ფსიქოლოგების და სოცმუშაკების რაოდენობა;

5. დადგეს ნინის საქმის პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხი სამსახურეობრივი გულგრილობისთვის.




| Print |