ხალხის აზრით
თუ რუსული ვაქცინა იქნება, ავიცრები სპუტნიკით, იმას ვენდობი - ჭაჭარაქის მოსახლეობა
შეწყვეტილი ვაქცინაციის შემდეგ სამცხე-ჯავახეთის მოსახლეობის აზრი არაერთგვაროვანია. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაჭარაქში ამბობენ, რომ მხოლოდ რუსულ ვაქცინას ენდობიან. სომხურ თემში  მიიჩნევენ, რომ მოსახლეობაზე მხოლოდ რუსეთი ზრუნავს და ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებითაც მხოლოდ ეს ქვეყანა ატარებს სწორ პოლიტიკას. მინას ბეგოიანის აზრით, კორონავირუსის ,,ავადმყოფობა 100 წელია რაც არსებობს, ამიტომ ,,კიტაისკი" ვაქცინით საქართველოში არც ერთი კაცი აიცრება, მხოლოდ რუსული ,,სპუტნიკით" მარტო".

მოსახლეობის მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ ვაქცინა საშიშია და მის გაკეთებას არ აპირებს, დანარჩენები კი ,,ვაქცინის უსაფრთხოების დამტკიცებას" ელოდებიან და მანამდე არ აიცრებიან, ვიდრე ,,არ დამტკიცდება ვაქცინის შედეგიანობა".

ადგილობრივების ნაწილს, არც იმის სჯერა, რომ პოლიტიკოსებმა ვაქცინა ნამდვილად გაიკეთეს.

შეგახსენებთ, რომ AstraZeneca/Oxford-ის ვაქცინის 1 400 დოზა სამცხე-ჯავახეთში 14 მარტს შემოიტანეს. რეგიონში ვაქცინაცია 15 მარტს დაიწყო, თუმცა 18 მარტს, როცა მეგი ბაქრაძეს ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პროცესი შეწყდა.

რეგიონში ვაქცინაცია სულ, 26 სამედიცინო პირს აქვს ჩატარებული.
| Print |