ხალხის აზრით
აიცრებით თუ არა 200 ლარის სანაცვლოდ?
მას შემდეგ, როცა პენსიონერებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების სანაცვლოდ 200 ლარი შესთავაზეს, სამცხე-ჯავახეთში ვაქცინირებულთა რაოდენობა გაიზარდა.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ბოლო ორი დღეა სამცხე-ჯავახეთში, ერთ დღეში აცრილთა რაოდენობა 200-ს გადასცდა მაშინ, როცა ბოლო ორი თვეა დღეში საშუალოდ, 100 ადამიანი იცრებოდა.

პენსიონერი, რომელიც კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, პენსიასთან ერთად ერთჯერადად, 200 ლარს მიიღებს. გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭომ მიიღო, სადაც თვლიან, რომ ინიციატივა ხანშიშესულებში ვაქცინაციას წაახალისებს.

აიცრებიან თუ არა მოქალაქეები ფულადი შეთავაზების სანაცვლოდ? - ეს კითხვა ახალციხეში მოსახლეობას დავუსვით. პენსიონერთა ნაწილი ამბობს, რომ აცრას ისედაც აპირებდა, ნაწილი კი აცხადებს, რომ ვაქცინაციის გადაწყვეტილებას მაინც არ მიიღებს.

ლატარიის „აიცერი და მოიგე“ შემდეგ, ეს არის მეორე წამახალისებელი ღონისძიება, რომლის მიზანი ვაქცინაციის პოპულარიზაციაა.

| Print |