ხალხის აზრით
როგორ აფასებთ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლას
,,ესაა ტურიზმით შენიღბული ოკუპაცია“, ,,მიწებს ყიდულობენ, კერძო საკუთრებას ყიდულობენ, ბიზნესებს ირეგისტრირებენ, სხვა კი არაფერი მომხდარა უკრაინაში“, ,,თუ ომი არ არის, მაშინ რას გამოურბის, თუ ტურისტად მოდის, მაშინ დაბრუნდეს თავის ქვეყანაში“ - ფიქრობენ ახალციხეში რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლისა და ფრენების აღდგენის შესახებ.

ტურისტთა ყველაზე დიდი ნაწილი საქართველოს მესამე კვარტალში სტუმრობს. 2021 წლის ამ პერიოდში ტურისტთა რაოდენობამ 210.4 ათასი ვიზიტორი შეადგინა, აქედან 29.2 ათასი რუსეთის მოქალაქე იყო. რაც შეეხება 2022 წელს, მას შემდეგ რაც უკრაინაში ომი დაიწყო, ივლისი - სექტემბრის პერიოდში, საქართველოში, 532.9 ათასი ტურისტი შემოვიდა, აქედან 147.9 რუსეთის მოქალაქე იყო.

რაც შეეხება 2023 წლის პირველ კვარტალს, ამ პერიოდში საქართველოში შემოსული ვიზიტორების რიცხვი (873,3 ათასი), წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით, გაორმაგებულია. ამ შემთხვევაშიც, მათი უდიდესი ნაწილი რუსეთის მოქალაქე იყო და უსწრებდა როგორც ევროკავშირის ყველა ქვეყნიდან, ისე საქართველოს მეზობელი ქვეყნებიდან (ცალ-ცალკე) შემოსული მოქალაქეების რაოდენობას.

რას ფიქრობენ ახალციხეში რუსულ ტურიზმზე, არის თუ არა რუსი მოქალაქეების შემოდინება მხოლოდ ქართული ეკონომიკის გაძლიერება და როგორი შეიძლება იყოს ქართულ-რუსული პოლიტიკა ტურიზმის გავლით - tv9news.ge -მ ადგილობრივები გამოკითხა.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გააუქმა პირდაპირი ფრენების აკრძალვა, რომელიც 2019 წლიდან მოქმედებდა.

15 მაისიდან საქართველოს მოქალაქეებს მიეცათ შესაძლებლობა, უვიზოდ, 90 დღემდე ვადით ჩავიდნენ რუსეთში. საქართველომ რუსულ ავიაკომპანია Azimuth-ს მოსკოვი-თბილისის მიმართულებით ფრენის ნებართვა მისცა.

ქართული Georgian Airways-ი გახდა მეორე ავიაკომპანია, რომელმაც დაიწყო პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის.

საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წელს აგვისტოს ომის გამო შეწყვიტა. 2012 წლის თებერვალში საქართველომ რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი ცალმხრივად გააუქმა.

რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენას, ხელისუფლების წარმომადგენლებისგან განსხვავებით, ქვეყნისთვის საზიანოდ მიიჩნევენ საქართველოს პრეზიდენტი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები. რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირის 27-ვე ქვეყანამ საქართველოს დემარში გამოუცხადა.
| Print |