ხალხის აზრით
სახელმწიფო თავად გაძლევს ორმაგ და სამმაგ მოქალაქეობას და მერე თავად უარყოფს - ჯავახეთის მოსახლეობა
საქართველოში მცხოვრებ ეთნიკურ სომხებს არავინ განუმარტა კონსტიტუციაში შესული ცვლილებები, რომლის თანახმად, სხვა ქვეყნის მოქალაქე ავტომატურად კარგავდა საქართველოს მოქალაქეობას. მოქალაქეობის არქონის გამო, ზუსტად რამდენი ადამიანი დარჩა მოქალაქეობის გარეშე, ამის კონკრეტული მონაცემი არ არსებობს, თუმცა ჯავახეთში ვარაუდობენ, რომ ეს რიცხვი 3-დან 28 ათასამდე მერყეობს.

საკონსტიტუციო ცვლილებებამდე, ეთნიკური სომხების ნაწილი ორმაგი მოქალაქეობით სარგებლობდა - საქართველოსთან ერთად სომხეთის ან რუსეთის. ისინი სამუშაოდ ამ ქვეყნებში დადიოდნენ და ორმაგი მოქალაქეობით მიმოსვლა უადვილდებოდათ. საქართველოს მოქალაქეები რომ აღარ იყვნენ, 3000-მდე სამცხე-ჯავახეთში მცხოვრებმა სომეხმა, გამშვებ პუნქტებზე, საბუთების შემოწმებისას გაიგო. მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა, იუსტიციის სამინისტროსგან, საქართველოს მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ შეტყობინებები მაშინ მიიღო, როცა სამუშაოდ რუსეთში იმყოფებოდა.

2008 წლის ომის შემდეგ, როდესაც საქართველო - რუსეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობები შეწყდა, ჯავახეთის მოსახლეობას სეზონურ სამუშაოებზე წასვლის პრობლემები შეექმნა. მოგვიანებით, სომხეთმა ორმაგი მოქალაქეობის შესახებ კანონი მიიღო და ჯავახეთის მოსახლეობამაც კანონით სარგებლობის მიზნით, განცხადებები შეიტანა. მათთვის ეს რუსეთში სამუშაოდ წასვლის შესაძლებლობა იყო.

ჯავახეთის მოსახლეობისთვის ინფორმაციის ნაკლებობით გამოწვეული და დღემდე გადაუჭრელი პრობლემა 2013 წლის ივნისიდან გაჩნდა. წლების წინ დაკარგული მოქალაქეობის აღდგენის დაპირება ჯავახეთის მოსახლეობამ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მმართველი პარტიისგან მიიღო. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ პრეზიდენტი სამცხე-ჯავახეთს ისევ ეწვია და ამჯერად ადგილობრივებს სახელმწიფო ენის სწავლისკენ მოუწოდა.

ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება 2018 წლიდან ისევ გახდა შესაძლებელი, მაგრამ ერთი პირობით - საქართველოს მოქალაქეობის მაძიებელს, კანონი ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის ცოდნას ავალდებულებს.

| Print |