კულინარიული შოუ
აჭარული ხაჭაპური მსოფლიოს 50 საუკეთესო პურს შორის დასახელდა
ამერიკულმა გამოცემა CNN-მა მსოფლიოს მასშტაბით პურის 50 საუკეთესო სახეობა დაასახელა, რომელთა შორის როგორც ხორბლის, ჭვავის თუ სიმინდის ცომისაგან დამზადებული უგულსართო პურები, ისე გულსართიანი აჭარული ხაჭაპურიც მოხვდა.

,,ახალი იმერული ყველითა და სულგუნით გაჟღენთილი ხაჭაპური, შეიძლება ითქვას, საქართველოს მოსახლეობის საყვარელი ხემსია.

მარილიანი ბრტყელი პური საფუარიანი ცომით მზადდება, რომელსაც გრძელ, ნავისებურ ფორმას აძლევენ და დიდი რაოდენობის ყველთან და კვერცხთან ერთად აცხობენ. გრძელი ფორმა ტექსტურის მრავალფეროვნებას განაპირობებს, როგორც ნაზი შიგთავსით, ისე ოქროსფერი, ხრაშუნა გარსით.

ხაჭაპურს ქართულ სამზარეულოში იმდენად დიდი როლი უკავია, რომ ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა “ხაჭაპურის ინდექსით” იზომება. გარდა ამისა, 2019 წელს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ ტრადიციული ხაჭაპური UNESCO-ს არამატერიალური მემკვიდრეობის ძეგლად დაასახელა”,
- წერს CNN Travel.

ამერიკული გამოცემა განმარტავს, რომ “პურის” განმარტება ქვეყნიდან ქვეყნამდე, კულტურის მიხედვით იცვლება და არ არსებობს მისი ერთგვაროვანი აღწერილობა ან ჩარჩო, რომელშიც უნდა მოექცეს.

მსოფლიოს 50 საუკეთესო პურს შორის მოხვდნენ სომხური ლავაში, კანადური ბეიგელი, ფრანგული ბაგეტი, ინდური პარატა და სხვები.
| Print |