კულინარიული შოუ
როდის უნდა გამოვაცხოთ პასკა
ძალიან ბევრ დიასახლისს ურჩევნია, ოჯახმა აღდგომა შინ გამომცხვარი პასკით აღნიშნოს. თუმცა ყველა ნამდვილად არ არის პასკის ცხობაში დახელოვნებული, ამიტომ თადარიგის წინასწარ დაჭერა ურჩევნია. ისიც ცნობილია, რომ პასკის არომატები მომდევნო დღეებში უფრო მძაფრდება. ამიტომ ბევრს აწუხებს კითხვა, როდის ჯობია პასკის გამოცხობა, რომ აღდგომას იდეალური გემო ჰქონდეს.

კონდიტერები გვირჩევენ, და ტრადიციაც გვკარნახობს, რომ პასკა დიდ ხუთშაბათს გამოცხვეს. როგორ წესი, ცომს ოთხშაბათს ღამით ზელენ და ცხობის პროცესი ხუთშაბათს მიმდინარეობს.

როგორ შევინახოთ პასკა აღდგომამდე

იმისათვის, რომ სამი დღით ადრე გამომცხვარი პასკა აღდგომამმდე არ გამოგვიშრეს ან გემო და სტრუქტურა არ შეეცვალოს, შენახვის პირობებს დიდი მნიშვნელობა აქვს. არ დატოვოთ პასკები სამზარეულოში, რადგან შეიძლება გამოშრეს. ნურც გამათბობელთან ახლოს მოათავსებთ.

კარგად გაგრილებული პასკა სამზარეულოს ცელოფანში მოათავსეთ და გრილ ადგილას შეინახეთ. არ შედოთ მაცივარში, რადგან სიფაფუკეს დაკარგავს და არომატსაც შეიცვლის.

რამდენ ხანს შეგვიძლია პასკის შენახვა

რაც უფრო ნატურალურია პასკის შემადგენლობა, მით ნაკლებია მისი ვარგისიანობის ვადა. სააღდგომო კულიჩი კონსერვანტების გარეშე ჩვეულებრივ 3-4 დღე ინახება მაცივრის გარეშე, ხოლო მაცივარში - დაახლოებით ერთი კვირა. ამაზე დიდ ხანს პასკის შენახვა რეკომენდებული არ არის. წინააღმდეგ შემთხვევაში შიგნით ობის გაჩენის რისკი იზრდება, მით უმეტეს, თუ მძიმე და ნოტიო პასკები გიზიდავთ.

თუ პასკის დიდი ხნით შენახვა გსურთ, ჯობია საყინულეში შეინახოთ. როცა გალღვება, კვლავ ფუმფულა და არომატული იქნება. გაყინულები პასკა დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში ინახება.
| Print |